"გარდაცვალებამდე თავს ცუდად გრძნობდა, კონტაქტური იყო, თუმცა გრძნობა მალევე დაკარგა", - აცხადებს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი, რომელიც ანაკლიაში, მუსიკალურ ფეტივალზე ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების ფაქტს შეესწრო. AMBEBI.GE საინიციატივო ჯგუფ "მანდალას" წარმომადგენელ თემო ხატიაშვილს ესაუბრა.
"ჩემმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, როგორც კი გადამცემში გადმოსცა, ერთ წუთში მივედი. ახალგაზრდა ბიჭი სანაპიროზე, მთავარ სცენასთან ახლოს იმყოფებოდა. თავდაპირველად კონტაქტური იყო, საუბრობდა, მაგრამ გონება მალევე დაკარგა. მაშინვე გადავიყვანეთ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო პუნქტში, საიდანაც მელევე საავადმყოფოში წაიყვანეს", - ამბობს თემო ხატიაშვილი.
საინიციატივო ჯგუფი "მანდალა" ფესტივალის ტერიტორიაზე გახსნის დღიდან ზიანის შემცირებაზე მუშაობს და ღონისძიების სტუმრებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.
"ადგილზე გვაქვს ჩვენი კუთხე და საინფორმაციო დაფა. სტუმრებს ვაწვდით ინფორმაციას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ზემოქმედების შესახებ. გარდა ამისა, გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და ზედოზირების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების პუნქტს ინფორმაციას აწვდიან", - თქვა ხატიაშვილმა.
ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიიდან წუხელ 1995 წლის დაბადებული გიორგი ნიშნიანიძე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ამასთან, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.