ავტორი:

"როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება?!" - რას პასუხობს ანგელა მერკელი ქართველი სტუდენტების შეკითხვებს

"როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება?!" - რას პასუხობს ანგელა მერკელი ქართველი სტუდენტების შეკითხვებს

ვფიქრობ, ევროკავშირი და ნატო არ არის საფრთხე რუსეთისთვის, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის მტერი, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მერკელის თქმით, გერმანიას სურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ისევე როგორც საქართველოსთან.

"გერმანიას სურს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს არამარტო საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ან უკრაინასთან, არამედ რუსეთთან. რუსეთი მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ევროპას და რუსეთს აქვს დროში კარგი თანამშრომლობის გამოცდილება და მათ ერთმანეთისგან ბევრი ისწავლეს. მიუხედავად ამისა, იყო შთაბეჭდილება, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის მისი მტერი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ურთულებს სიტუაციას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, მაგალითად, საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით; მაგალითად, მოლდოვას აქვს პრობლემა; აზერბაიჯანსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ საქართველოს უკრაინასთან ერთად აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. ამის შესახებ მერკელმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხებოდა.

"რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, ეს არ არის ახალი ინიციატივა. ჰაიკომ მაასმა მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობა - ის არის ევროკავშირის მეზობელი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყოფთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას მომავალში", - განაცხადა მერკელმა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე ძალები ცდილობენ საქართველოს, უკრაინის და ბალკანეთის ქვეყნების ისე წარმოჩენას, თითქოს ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისას პრობლემებს შექმნიან.

თსუ-ს სტუდენტმა მერკელს კითხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებზე დაუსვა და ჰკითხა, რამდენად შეუქმნის ამ პარტიების სკეპტიციზმი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას პრობლემას?

„უნდა ვაღიარო, რომ მართალი ხართ, ნამდვილად არის ევროპაში ასეთი ტენდენცია, რომელიც ძალიან გვადარდებს. გვექნება მძიმე ბრძოლა ევროპარლამენტის არჩევნების კონტექსტში 2019 წლის მაისში, სადაც არგუმენტები დაგვჭირდება იმიტომ, რომ ეს იქნება წინასაარჩევნო კამპანია, არ იქნება კლასიკური იდეოლოგიური გადანაწილება, არამედ, არჩევანი იქნება მარტივი - „პროევრუპული და კონტრევროპული“. პრინციპში, გლობალიზაცია და დინამიური ეკონომიკური დაქსელვა მთელი მსოფლიოსი განაპირობებს ახალი აქტივობების შემოსვლას. ჩინეთი, სხვა აზიური ქვეყნები შეწუხებულნი არიან და სვამენ მარტივ კითხვას, ჩვენი კეთილდღეობა როგორ უზრუნველვყოთ, როგორ შევიმუშავოთ? - დიგიტალიზაციის გზით. ბევრი ადამიანია, რომელმაც არ იცის მათი სამუშაო სფერო, სამუშაო ადგილი თუ იქნება უზრუნველყოფილი. დიგიტალიზაცია და გლობალიზაცია არის მნიშვნელოვანი. ახალგაზრდა ადამიანებმა აფრიკის ქვეყნებში იციან როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში, ამიტომ იბადება კითხვა - ჩვენი საკუთარი ინტერესები როგორც წარმოვადგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მშვიდობა და კეთილდღეობა?! პირველი პასუხია პროევროპული - ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცალკე აღებული, მათ შორის 80 მილიონიანი გერმანიაც მარტოდმარტოა დარჩენილი თავისი ფასეულობების ანაბარა, თუ ის ინდივიდუალურად იმოქმედებს. ადამიანის პატივი, ღირსება, ყველაფერი ერთობლივად უნდა იქნას დაცული სხვა პარტნიორებთან ერთად, რათა სამართლიანად მივიღოთ კომპრომისული გადაწყვეტილებები მრავალმხრივად“, - განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანას უნდა მიეცეს განვითარების შესაძლებლობა.

„ჩვენ, ისევე, როგორც თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო პროევროპული იდეისათვის, მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრებით, მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, არა დარვინიზმის მხარდაჭერით, არა იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა. კი ბატონო, რად გვინდა კიდევ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და საქართველო თავისი პრობლემებით? - ასეთი არგუმენტები არსებობს იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ ევროპის კონტინენტზე. როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა, რა „პრობლემები“ შეიძლება შექმნას საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში? ეს არის ადამიანური ემოციები, ამიტომ ძალიან ადვილად მანიპულირებადია ეს და დიდი სიფრთხილეა ამ თვალსაზრისით საჭირო. ეს აბსოლუტური სიმართლეა“, - განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, მთავარი სიმართლეა ის, რომ რუსული გაზის მიღება ევროპისთვის უფრო იაფია ვიდრე, სხვა ქვეყნის.

„ცივი ომის დროსაც ევროპას და რუსეთს, მაშინ საბჭოთა კავშირს, მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ენერგო მიმართულებით. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც ისეთი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გაზის მიღება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ გაზის მიღება არ არის იგივე ფასად შესაძლებელი, როგორც რუსული გაზის მიღება. მე არ ვარ წინააღმდეგი რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, იქნებ გადავწყვიტოთ პრობლემა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით და ეს იქნება ადამიანებისთვის მომგებიანი", - განაცხადა მერკელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები