მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის, დავით რატიანის ინფორმაციით, ისინი უცხოელმა ალპინისტებმა იპოვეს.
„სავარაუდოდ, წლების წინ დაღუპული ტურისტები არიან, თუმცა დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით. თოვლის ინტენსიურმა დნობამ ხელი შეუწყო მათ აღმოჩენას. ნეშტი ჯერჯერობით არ ჩამოგვისვენებია, ველოდებით სპეციალისტებს. ტურისტების მიერ მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე დღეს მოვიდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დავით რატიანმა.
ნეშტების ვერტმფრენით გადმოსვენება უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
აღნიშნულ სამსახურში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის მოხდება უშბიდან ნეშტების გადმოსვენება. აცხადებენ, რომ ეს მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით მოხდება.
„ბოლო დღეებში დაკარგულების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ჩვენ იქ სამძებრო სამუშაოები არ გვიწარმოებია“, – აცხადებენ სამსახურში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ისინი წლების წინ დაიკარგნენ.