„ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა აუდიომიმართვა, რომელიც, მათი მტკიცებით, ჯიჰადისტური დაჯგუფების ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ეკუთვნის, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ალ-ბაღდადის სახელით გავრცელებული პირველი მიმართვაა.
გზავნილის ავტორი აღნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებები მარცხდებიან, ეს ალაჰის მიერ მათი გამოცდაა და „ერთად უნდა დადგნენ“.
აუდიოჩანაწერში მამაკაცი მიმდევრებს მიმართავს, რომ ისინი „შიშითა და შიმშილით გამოიცდებიან“, თუმცა ვინც მოთმინებით გადაიტანს განსაცდელს, სასიხარულო ამბავს მიიღებს.
აუდიო გზავნილი „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო წყაროებმა ოთხშაბათს გაავრცელეს.
CNN ვერ ადასტურებს, რომ ჩანაწერი ნამდვილად ალ-ბაღდადის ეკუთვნის. გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელი კაპიტანი უილიამ ურბანი ამბობს, რომ არავინ იცის, სად იმყოფება ახლა ალ-ბაღდადი.
თუ გზავნილი ნამდვილად „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურს ეკუთვნის, ეს პირველი მიმართვაა, რომელიც 2017 წლის შემოდგომის შემდეგ გავრცელდა. ჩანაწერი 55 წუთიანია და მასში მორწმუნეებისა და მიმდევრების რაოდენობის მნიშვნელობაა ხაზგასმული.