ავტორი:

ქართველი მამაკაცები იპატარავებენ მკერდს და მუცელს, მოდაშია ეპილაცია და ბოტოქსიც - პლასტიკური ქირურგები პოპულარულ პროცედურებზე

ქართველი მამაკაცები იპატარავებენ მკერდს და მუცელს, მოდაშია ეპილაცია და ბოტოქსიც - პლასტიკური ქირურგები პოპულარულ პროცედურებზე

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ნათქვამია და, როგორც ჩანს, ეს სიტყვები მამაკაცებმაც გაითავისეს. ბოლო წლებში ესთეტიკისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრების ხშირი სტუმრები სწორედ მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან და ეპილაციასთან ერთად, სხეულის კორექციასაც აქტიურად იკეთებენ. იდეალური სხეულის ფორმები და მიმზიდველი გარეგნობა ყველა ადამიანის ოცნებაა, თუმცა ბუნება იდეალური სახის ნაკვთებითა და დახვეწილი სხეულის ფორმებით ყველას არ აჯილდოვებს. დროთა განმავლობაში მსოფლიოში სილამაზის ცნება და აღქმა შეიცვალა, რასაც სხვა მიზეზებთან ერთად მედიცინის თანამედროვე მიღწევებიც უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ბუნებრივი სილამაზე და ინდივიდუალიზმია, პლასტიკური ქირურგია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

საქართველოში პლასტიკური ოპერაციები საკმაოდ პოპულარულია და, მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე ესთეტიკური კლინიკა აქტიურად მუშაობს. მათი უმთავრესი ფუნქცია ადამიანების გალამაზებაა. თითოეული კლინიკა კლიენტებს განსხვავებულ მომსახურებასა და გადახდის საშუალებას სთავაზობს. ამ მომსახურებით, არც თუ იშვიათად, ახლა უკვე ქართველი მამაკაცებიც სარგებლობენ. რამდენიმე ესტეთიკურ პროცედურებთან ერთად, პლასტიკურ ოპერაციებსაც თამამად იკეთებენ. ამ მხრივ, პირველ ადგილზეა ცხივრის ოპერაცია, მას მოსდევს მუცლის დაპატარავების პლასტიკა.

"მამაკაცები, ძირითადად, ეპილაციისა და სახის წმენდისთვის მოგვმართავენ. ასევე იკეთებენ წარბების კორექციას ლაზერით. ამ პროცედურებით მამაკაცები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან და მზარდი ტენდეცია შეინიშნება", - განუცხადეს Ambebi.ge-ს "მედიქალ გრუპში".

როგორც აღმოჩნდა, ქალების მსგვასად მამაკაცები გარუჯვაზეც არ ამბობენ უარს და სოლარიუმებსაც ხშირად სტუმრობენ.

"მომხმარებელი მამაკაცების რიცხვი დღითი დღე იზრდება - ლაზერული ეპილაციითა და სოლარიუმით სარგებლობენ. ასევე ინტერესდებიან სხვადასხვა პროცედურებით, მათ შორის თმის მეზოთერაპია და სახის წმენდა", - გვითხრეს კიდევ ერთ ესთეტიკურ ცენტრში.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები ნაკლებად რისკიანები არიან და ხშირ შემთხვევაში ტკივილსაც ვერ უძლებენ, თუმცა, პლასტიკური ოპერაციების გაკეთება აქტიურად დაიწყეს.

"მამაკაცები ხშირად ლიპოსაქციისთვის მოგვმართავენ, ასევე იტარებენ მკერდიდან ცხიმების ამოტუმბვის ოპერაციას და ბოტოქსის პროცედურებს. უკვე რამდენიმე წელია, რაც კაცები ინტერესდებიან პლასტიკური ქირურგიით და ყოველწიურად მზარდი ტენდეცია გვაქვს", - განუცხადეს Ambebi.ge-ს გია გვარამიას კლინიკაში.

პლასტიკური ქირურგის ანზორ ქურიძის თქმით, მამაკაცებს ეშინიათ, თორემ რეალურად გალამაზების სურვილი ბევრს კაცს აქვს და უბრალოდ, ვერ ბედავენ. ქურიძემ თავის დროზე ოპერაცია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც გაუკეთა. სუნთქვა და პლასტიკის ოპერაცია სააკაშვილმა ნარკოზის გარეშე გაიკეთა და როგორც ექიმი იხსენებს, საკმაოდ გმირულად გაუმკლავდა იმ ტკივილებს, რომელიც ოპერაციას ახლავს.

"მამაკაცები ნაკლებად რისკიანები არიან, თუმცა ესთეტიური უხერხულობა მათთვისაც დაუძლეველი ფენომენია. დიდი, გამოშვერილი ყურები მამაკაცებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ რისკზე მიდიან და პრობლემის აღმოსაფხვრელად მოგმართავენ. ასევე ხშირად იკეთებენ ცხვირის ოპერაციას და ამ ბოლოს დროს, როგორც ვიცი, თმის გადანერგვითაც დაინტერესდნენ", - გვითხრა ქურიძემ.

ის ფაქტი, რომ პლასტიკური ოპერაციებით ახლა უკვე მამაკაცებიც დაინტერესდნენ, Ambebi.ge-სთან საუბრისას "კუზანოვის კლინიკის" ექიმმა, გუგა კუზანოვმაც დაადასტურა.

"ისე როგორც ქალები არა, მაგრამ მზარდი ტენდეცია შეინიშნება. პირველ რიგში, ცხვირის ოპერაციას იკეთებენ, ასევე ხშირად მუცელსაც იპატარავებენ. ფასები ჩვენთან არის ისეთი, როგორც სხვა ადგილებში, თუმცა ევროპასთან შედარებით საკმაოდ იაფია, ამიტომ მამაკაცები უცხოეთიდანაც ჩამოდიან და იკეთებენ ოპერაციას. საქართველოში პლასტიკური ქირურგიის დონე არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვანი კლინიკების დონეს. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ოპერაციის წინ ნერვიულობს, ეს ჩვეულებრივია, მაგრამ ქალები უფრო იტანენ ტკივილს, ვიდრე მამაკაცები. საერთოდ, ტკივილის ბარიერი მამაკაცში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქალში, ის რასაც ქალები უძლებენ, მამაკაცები ვერ გაუძლებენ", - გვითხრა კუზანოვმა.

თიკო ოსმანოვა