რაჭაში, სოფელ სადმელში მომხდარ საზარელ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა და ამის შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოსთან, კაკლის ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციას მკვიდრი, 23 წლის გიორგი ტურძილაძე და ორი ქუთაისელი ახალგაზრდა - 21 წლის გიორგი მიქიაშვილი და 18 წლის ავთო ფოლადაშვილი, რომლებიც საკეციაში სტუმრად იმყოფებოდნენ.
Ambebi.ge სოფელ საკეციას რწმუნებულს გია მიქიაშვილს ესაუბრა:
- ავარიის შედეგად სოფელ საკეციას მკვიდრი გიორგი ტურძილაძე გარდაიცვალა. ძალიან მშრომელი ხალხია მთელი ოჯახი. რამდენიმე წლის წინ მეხუთე კლასელი ბავშვი გარდაეცვალათ, სისხლის გათეთრებით და დღეს ეს ტრაგედია მოხდა. როგორც ვიცი, გიორგი არსად არ სწავლობდა, სოფელში იყო და მშობლებს აქაურ საქმეებში ეხმარებოდა. რაც შეეხებათ დანარჩენ გარდაცვლილებს - ერთ-ერთი, გიორგი მიქიაშვილი სოფელში სტუმრად იყო ჩამოსული. მამამისი ცხოვრობს აქ, დედა - ქუთაისში. მეგობრები ჰყავდა ჩამოყვანილი. როგორც ვიცი, მესამე გარდაცვლილი სწორედ მისი მეგობარია", - აღნიშნა გია მიქიაშვილმა.