საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია "ფეისბუქზე" რაჭაში მომხდარი უმძიმესი ავარიის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ სადმელში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ მძღოლი და 2 მგზავრი. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც მომხდარის მიზეზს დაადგენს.