მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა სულ მალე მოედნიდან რეალურ სივრცეში - ქუჩაში გადაინაცვლებს. მომავალ მძღოლებს წლის ბოლოდან მართვის უნარების გამოვლენა ორ ეტაპად მოუწევთ. თავდაპირველად გამოცდას დახურულ მოედანზე ჩააბარებენ და ამის შემდეგ რუსთავში სპეციალურად გამოყოფილ ქუჩაზე გადაინაცვლებენ. რაც შეეხება სხვა კონკრეტულ დეტალებს ამ საკითხზე საკანონმდებლო მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, წლის ბოლომდე ყველა საკითხი მოგვარდება და მართვის მოწმობის გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება აღარ გადაიდება. შს სამინისტრომ ამ ინიციატივაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და როგორც მაშინ დაანონსდა, მომავალ მძღოლებს მართვის მოწმობის გამოცდების გართულებულად ჩაბარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან მოუწევდათ, თუმცა შემდეგ წლის ბოლომდე გადაიდო.
პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება, დანარჩენი დეტალები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. როდიდან და რა ცვლილებებით მოუწევთ გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის აღების მსურველებს? - ამ საკითხზე AMBEBI.GE-ს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი ესაუბრა.
„მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას 2018 წლის ბოლოდან შეძლებენ. პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება რეალურ სივრცეში თავდაპირველად 10 ქალაქში იქნება შესაძლებელი: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. პირველ ეტაპზე გამონაკლისი იქნება ფოთის და ზუგდიდის მომსახურების ცენტრები, ამ ქალაქებში სანიაღვრე სისტემის და ქუჩების მოწყობის სამუშაოების გამო გამოცდების ჩაბარება ვერ მოხერხდება. როგორც კი სამუშაოები დასრულდება და შეიცვლება ქალაქში გზების საფარი, შემდეგ მოხდება გამოცდების ჩაბარებაც.
რუსთავში საგამოცდო ტერიტორიად რამდენიმე ქუჩა შეირჩა, მუნიციპალიტეტს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა და მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა ჯერჯერობით არ მოხდება ამის დაკონკრეტება“, - გვითხრა მაკასარაშვილმა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, გამოცდა თავდაპირველად დახურულ სივრცეში ჩატარდება და შემდეგ გადაინაცვლებს ქუჩაში.
„ეს პროექტი გულისხმობს არსებული სისტემის შენარჩუნებას - ყველა მსურველი გაივლის პრაქტიკულ გამოცდას დახურულ მოედანზე, გამომდინარე იქიდან, რომ შენარჩუნებული იყოს მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი და მოუმზადებელი კანდიდატი არ გავიდეს ქუჩაში. ჩვენ პირველ რიგში დახურულ სივრცეში შევამოწმებთ, რამდენად ფლობს მოქალაქე მანქანის ტარების უნარებს და თუ ჩავთვლით, რომ მას შეუძლია ქალაქში ჩაბარება, დავრთავთ ნებას გავიდეს და ქალაქის პირობებში ჩააბაროს გამოცდები“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.
2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე 108 834 გამსვლელიდან 71% ჩაიჭრა. ახალი სტანდარტით კი მაკასარაშვილი სტატისტიკის გაუარესებას არ ელოდება, პირიქით მოსალოდნელ დადებით ეფექტზე საუბრობს.
„არ ვფიქრობ, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა გაიზრდება. ვინაიდან მოთხოვნები იზრდება, ჩემი აზრით, კანდიდატებიც უფრო მომზადებულები მოვლენ. უფრო მობილიზებულები იქნებიან იმისათვის, რომ შეისწავლონ კარგად მართვის უნარები და შემდეგ ჩააბარონ გამოცდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო დადებით შედეგებისკენ წავალთ, ვიდრე დღეს გვაქვს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, როდესაც პირი ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, მას აქვს 30 დღის ვადა იმისათვის, რომ ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდაც. ამ ერთ თვეში, კვირის გამოტოვებით, ჰქონდათ უფლება უფასოდ გასულიყვნენ გამოცდაზე, რაც დაახლოებით 4-5 ჯერ გამოდიოდა, მაგრამ მომავლისთვის როგორ იქნება ეს წესი, ამას კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამ ეტაპზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიღებული არ არის - დამუშავებულია პროექტები, რამდენიმე ვერსიად. საბოლოდ რომელი პროექტის დამტკიცება მოხდება, წინასწარ ვერ გეტყვით. რაც შეეხება, გამოცდაზე გამსვლელ ქულებს, მოედანზე 100-დან ისევ 61 დარჩება, ხოლო ქუჩაში, როგორ მოხდება ამის განსაზღვრა, ჯერ უცნობია“, - გვითხრა მაკასარაშვილმა.
მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე დარწმუნებულია, რომ დარჩენილი საკითხები წლის ბოლომდე მოგვარდება და გამოცდის ქუჩაში ჩაბარების კიდევ ერთხელ გადავადება აღარ მოხდება.
თიკო ოსმანოვა