თურქეთის დედაქალაქ ანკარაში უცნობმა პირებმა აშშ-ს საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. როგორც თურქული მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა. თეთრი ფერის ავტომობილიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით, დაახლოებით, 5-ჯერ გაისროლეს. ტყვიები პოლიციელების ჯიხურს მოხვდა, რომლებიც საელჩოს იცავენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებმა მანქანის ძებნა დაიწყეს.
ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.