29 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ომმა 30 000-მდე ეთნიკური ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, 250 ათასზე მეტი კი დევნილად აქცია...
ახლა როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეს თავისი არგუმენტები აქვს და შეცდომებზე საუბარი უჭირს. უბრალო ადამიანები, როგორც მაშინ, ახლაც ამბობენ, რომ პოლიტიკამ თავისი როლი ითამაშა.
დიანა გაბუნია, გაგრა, დაბა განთიადი:
- 10 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო... მშობლები არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ქუჩაში, ბავშვებთან მეზობლებში მოსმენილი ცალკეული ფრაზები - ოხურეისთან ტყვია გავარდნილა!.. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს!... - ჰაერს ტყვისავით სერავდა და თუ აქამდე აფხაზების მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა, ერთ დღესაც ავტობუსში ამოსული ფაფახიანი ასაკოვანი აფხაზის მიმართ რაღაცნაირი შიში ვიგრძენი... ის კი გვერდით ჩუმად მომიჯდა და თავზე დაკოჟრილი ხელი ღიმილით გადამისვა.
მე და ჩემს თანატოლებს ბევრი არაფერი გვესმოდა, ხან ჩემ, ხანაც მეზობელი ბავშვების ჭიშკრებთან ვიდექით და ქუჩაში მიმავალ ტანკებს ვითვლიდით. მშობლები შიშისგან ხმას ვერ იღებდნენ... შემდეგ, გავიგეთ, რომ განთიადიდან ძმები დბარები წასულან - ქართველებს ვერ ვესვრითო (მოგვიანებით, ერთმანეთი სოჭში ვიპოვეთ და ერთ-ერთ ძმას შვილი მოვუნათლე...) გაგრა, დაცემამდე ერთი კვირით ადრე დავტოვეთ. მშობლებმა მანქანით ფსოუსკენ წაგვიყვანეს, მაგრამ საზღვარზე კაცებს არ უშვებდნენ და მამაჩემი უკან დაბრუნდა.
მას (ორლულიან, სანადირო თოფს თუ არ ჩავთვლით) იარაღიც არც ჰქონდა, არც არასდროს სჭერია ხელში და ძალიან ვნერვიულობდით... შემდეგ გავიგეთ, რომ გარშემო ვისაც ფული ჰქონდა, უკვე იარაღი ჰქონდა ნაყიდი, თუმცა, ზოგს, ისე მისცეს. შემდეგ, თქვეს, რომ იყვნენ ისეთი ვიღაცეები, ვისაც ათეულობით იარაღი ჰქონდა და ჩუმად ყიდდნენ, ორმაგ ფასში და ამას აკეთებდნენ, როგორც ქართველები, ისე სომხები და რუსებიც.
ბიძაჩემი არ წამოვიდა და ოჯახთან ერთად იქ დარჩა. არადა, გაგრაში უკვე გაქანებული ომი იყო. მამიდაჩემის ქმარმა გარისკა და როდესაც გაგრა დაეცა, მამაც გადმოვიდა. ძალიან ბევრ ცუდ ფაქტს შეესწრო, მაგრამ არასდროს საუბრობდა, მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ეს იყო წინასწარ გაყიდული, ქაოსური ომი, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა...
ელენე გუგავა, გაგრა:
"გარშემო ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, რომ ყველამ ვიცოდით, ეს ყველაფერი უსისხლოდ არ ჩაივლიდა... 15 აგვისტოს, დაბადების დღე მაქვს და მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დაბადების დღე იქნებოდა. მამაჩემი გაგრის ტყეპარკში მუშაობდა, 43-ზე მეტი ნათლული ჰყავდა და მათი უმეტესობა აფხაზი იყო.
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ვცხოვრობდით, ახლა არ ვიცი, ვისი სახელობის არის. გარშემო მეზობლად სულ სომხები გვყავდა და ძალიან ნერვიულობდნენ, - ჩვენ რა გვეშველებაო. პირველი, რამაც შემძრა, ის იყო, რომ გაგრაში, სადაც ყველა ყველას იცნობდა, - ერთ დღესაც ადამიანები ეთნიკურად დაიყვნენ... 14 აგვისტოს, ოხურეისთან პირველი ტყვია გავარდა. დაბადების დღე ვიღას ახსოვდა... სანატორიუმ “ჟოეკვარაში” ვმუშაობდი და მალე, დაჭრილების პირველი ნაკადიც მივიღეთ. შემდეგ დაიწყო, ტყვიების ზუზუნი, დაჭრილები ქუჩაში, სახლსა და სამედიცინო დაწესებულებში შევარდნები, იარაღისა და ნარკოტიკების ძებნა...
ერთ დღეს პირტიტველა, დაჭრილი აფხაზი მოიყვანეს, მწვავე სისხლდენით. დილამდე ან მიაღწევდა, ან არა. ჩემი ჯგუფის, პირველი დადებითი სისხლი სჭირდებოდა და არც დავფიქრებულვარ, მაშინვე დავიწყე მზადება. ქართული ესმოდა და მიხვდა, რასაც ვაპირებდით. ძალა არ ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ჩემი სიტყვები გაიგო, წამოხტა და წვეთოვანის სისტემა მოიგლიჯა - "ქართველის სისხლს არ გადავისხამო..." გავშრი... მაშინ მივხვდი, რომ ბზარი იმაზე დიდი იყო, ვიდრე მეგონა და წარმომედგინა.
მამაჩემს აფხაზი ნათლულები ამშვიდებდნენ - ნუ გეშინიათ, კოსტა, აგერ არ ვართო?! ერთი სიტყვით, მამამ სახლი არ დატოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ მიხვდა, რომ აფხაზეთი დაკარგული იყო და წამოსვლა გადაწყვიტა... ერთ-ერთი ნათლული, ოღონდ არა აფხაზი, გადმოყვანას შეჰპირდა. საბოლოოდ, მამა ქუჩაში მოკლული იპოვნეს. ისევ აფხაზს დაუსაფლავებია გზისპირას. შემდეგ კი, მისი კვალი გაქრა..."
ბრიტანელი ფოტოჟურნალისტის, ჯონ ჯონსის ფოტოსურათები