მამაკაცი, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში წლების მანძილზე ჰყავდა გამოკეტილი, სამართალდამცველებმა დააკავეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
იმის შესახებ, რომ სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი, იანვარში გახდა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სიუჟეტის შემდეგ. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.
დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.
არსებული ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი დაახლოებით 2 კვირის წინ დააკავეს.
იხილეთ ვიდეო: მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცავებმა დააკავეს