დოლიძის ქუჩაზე 42 წლამდე მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
მოკლული მამაკაცი ლევან სიგუაა. არსებული ინფორმაციით, იგი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.
"ავტომატით დაცხრილეს. ძმა მშენებელია, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე სახლი მისი ძმის აშენებულია. მოკლულის მეუღლე ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონეა" - ამბობს ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას დოლიძის ქუჩის მცხოვრები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დადგენისა და შემდგომში მისი დაკავების მიზნით. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზაც.