ფინანსთა სამინისტრომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ვაკანსია გამოაცხადა. ცნობისთვის, სააგენტო პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო - 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პირს მოეთხოვება მინიმალური განათლება - ბაკალავრის ხარისხი და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ამასთან, როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, სასურველია პირს ჰქონდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა.