"უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?!" - სალომე ზურაბიშვილი ომზე

"უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?!" - სალომე ზურაბიშვილი ომზე

"რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება საუკუნოვან მტერთან?!" - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან გააკეთა, სადაც ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო.

"მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ტკივილი გმირების საფლავებთან. მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი წლების მანძილზე. ბოლო ერთი საუკუნე, დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით, მაგრამ არა დამთავრებულით, რამეთუ ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე. ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს დღევანდელი, გუშინდელი დღე – სანამ არ იქნება საქართველო გაერთიანებული.

თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ: - როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები - “კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კითხვა უნდა დასვან ჟურნალისტებმა და მას პასუხები გასცენ ანალიტიკოსებმა. ზურაბიშვილის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შეიძლება მომავალშიც სასტიკ სიტუაციაში აღმოჩნდეს.

აქვე სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნეებია საქართველოს მტერი უცვლელია და ეს არის რუსეთის იმპერია.

„ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ოკუპანტი, აგრესორი, იმპერიალისტი უნდა დავძლიოთ არა იმით, რაც არ გვაქვს - ანუ სამხედრო ძალით, არამედ უნდა დავძლიოთ ჭკუით და ერთად დგომით. სიძულვილი, რაც ქვეყანაშია და რომელიც ჩემზეც წამოვიდა, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები