ადვოკატ ანი კეკენაძის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკა სამართალდამცველებმა სარდაფიდან დაიწყეს, მაშინ, როდესაც წინა ორი ჩხრეკის დროს საძინებლებიდან იწყებდნენ.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სახლი იყო ცარიელი. მათ დრო იხელთეს და ჩადეს იარაღი, დღეს კი ვითომდა გადაუდებელი აუცილებლობით მოაწყეს მასკარადი, ე.წ. ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ამოიღეს ვითომდა გიორგი ჭანტურიას კუთვნილი იარაღები. რა თქმა უნდა, ეს იარაღები არ ეკუთვნის ჭანტურიას, ამოღებულია მთელი არსენალი. ჭანტურიას ოჯახის წევრები და მეც უარს ვაცხადებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებაზე და არ ვესწრებით. მეც გამოვედი გარეთ პროტესტის ნიშნად“, - განაცხადა ადვოკატმა ანი კეკენაძემ.
ჩხრეკა რუსთავში, გიორგი ჭანტურიას მამის სახლში ყაზბეგის ქუჩაზე ჩატარდა. გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ხელმეორედ გუშინ საღამოს დააკავეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.