ავტორი:

რატომ გვაწუხებს უსიამოვნო სუნი თბილისში და ირეცხება თუ არა ქალაქის ქუჩები - მერიის პასუხი მოქალაქის კითხვაზე

რატომ გვაწუხებს უსიამოვნო სუნი თბილისში და ირეცხება თუ არა ქალაქის ქუჩები - მერიის პასუხი მოქალაქის კითხვაზე

ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, ზაფხულში თბილისელებს ქუჩებში უსიამოვნო სუნიც აწუხებთ - ნაგვის ურნებიდან გადმოღვრილი წყალი მზეზე ორთქლდება და ქალაქის ბევრ ადგილას საშინელ სუნს ტოვებს.

ამ პრობლემით რედაქციაში რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომელთა თქმითაც, საბურთალოს სხვადასხვა ქუჩაზე დილით ბუნკერებიდან ნაგვის სუნი აწუხებთ.

"მოგეხსენებათ, ნარჩენების გამო, ნაგვის ბუნკერში გროვდება საშინელი სითხეები. როდესაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყრიან ნარჩენებს ნაგვის მანქანაში, აყროლებული სითხე ცხელ ასფალტზე რჩება, რაც საშინელ სუნს წარმოქმნის. საბურთალოზე, რამდენიმე ქუჩაზე, მაგალითად ჯიქიაზე, აუტანელი სუნი დგას ყოველ დილით“ - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

AMBEBi.GE დაინტერესდა, რას აკეთებს თბილისის მერია ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და ირეცხება თუ არა ქალაქის ქუჩები. ამაზე პასუხად მერიაში განგვიცხადეს, რომ თბილისის ქუჩები ყოველდღიურ რეჟიმში ირეცხება, თუმცა არსებული ტექნიკა მხოლოდ 30 ქუჩას ჰყოფნის, შესაბამისად ხდება მხოლოდ ცენტრალური ქუჩების დასუფთავება. თბილისის მერიის შპს „თბილსერვისის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე გვეუბნება, რომ ქუჩების მოწმენდა დილით, 6-დან 8 საათამდე ხდება.

"მაისის თვიდან ოქტომბრის ბოლომდე, ამინდების გათვალისწინებით ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ქუჩების მოწმენდა. ეს ხდება დილის საათებში - 6 საათიდან 8 საათამდე, ოღონდ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე. ყველა ქუჩას ბუნებრივია, ვერ მოვწმენდთ, არ გვაქვს ამის საშუალება. სულ 15 ერთეული მანქანა გვყავს. ერთმა ტექნიკამ, პირობითად მელიქიშვილიდან თავისუფლებამდე, პუშკინისა და მიმდებარე ქუჩები რომ მოწმინდოს, სჭირდება დაახლოებით 2 საათი. 8 საათის მერე არ არის რეკომენდირებული, რომ ქუჩაში ამ მანქანებმა იარონ.

ერთი მაშრუტით ირეცხება დაახლოებით ოთხი ქუჩა - მაგალითად რუსთაველი, კოსტავა, პუშკინი და მელიქიშვილი. სადაც პატარა ქუჩებია, პირობითად, უფრო მეტი ირეცხება, მაგრამ ეს არის ცენტრალური ქუჩები. ყველა მანქანა დღეში დაახლოებით 30 ქუჩას რეცხავს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ზღვაში წვეთია" - ამბობს დავით დოლიძე.

მისივე თქმით, მერის დავალებით, საღამოს საათებში ასევე ხდება ქუჩების მორეცხვა 21:00 საათიდან 22:30 საათამდე, თუმცა მოქალაქეები უკმაყოფილებას ამ შემთხვევაშიც გამოთქვამენ.

"ცენტრალურ ქუჩებში ვგულისხმობ ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩას მაგალითად, მუხიანის დუმბაძე, ჭავჭავაძე, პეკინი და სხვა. საღამოს დამატებული ქუჩებიც გვაქვს, იგივე ქუჩებიც ირეცხება, რომელიც დილით მოირეცხა. ასევე, კვირაში 2-3 დღე ხდება სხვა ქუჩების მორეცხვაც, რომელიც ყოველდღიურად არ იწმინდება" - უთხრა AMBEBI.GE-ს შპს „თბილსერვისის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხება ნარჩენების გადაყრას, დოლიძის განცხადებით, ურნების დასუფთავება და ქუჩების დაგვა დილაობით ხდება.

„თუ სადმე ნაგვის დაყრის ფაქტს წააწყდებით, გვითხარით და მადლობელი დავრჩებით. უბრალოდ, ნაგავმზიდები მთელი დღის განმავლობაში ვერ ივლიან. მოქალაქეებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ნაგვის მანქანებმა შუადღეს არ იარონ, ამიტომ არ დადიან. ასე რომ, თან სავსე ურნებზე ჰქონდეთ პრეტენზია და თან სიარულზე ცოტა არა ლოგიკურია. ამიტომ, ჩვენდა სამწუხაროდ, დღის საათებში მანქანა არ დადის" - გვითხრა დოლიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მალე ნაგავმზიდების პარკი განახლდება და ქალაქში მაღალი ხარისხის მანქანები ივლის. "ქალაქს ეყოლება ზუსტად ისეთი მანქანები, როგორიც დღესდღეობით ევროპაში გვხდება და საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. რაც შეეხება მორეცხვის მანქანებს, ამასთან დაკავშირებით ტენდერი უნდა ჩატარდეს, ამიტომ დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამის განახლებაც იგეგმება" - უთხრა AMBEBI.GE-ს დოლიძემ.

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?