ავტორი:

"ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთს ქომაგობდნენ" - როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში" და რატომ გაცივდა მეზობლური ურთიერთობები

"ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთს ქომაგობდნენ" - როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში" და რატომ გაცივდა მეზობლური ურთიერთობები

ე.წ. "იტალიური ეზო" თბილისის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არა "იტალიური ეზო", არამედ "თბილისური ეზო" იყო. კულტუროლოგის ცირა ელისაშვილის თქმით, ტერმინი "იტალიური ეზო" კომუნისტური მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როცა ერთ სახლში, რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და ეზოები სხვანაირად ახმაურდა. ეს ხმაური იტალიას დაუკავშირეს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია ნეორეალიზმის პერიოდის იტალიურმა კინემატოგრაფიამ და თბილისურ ეზოებს ამგვარად იტალიური ეზო დაარქვეს.

თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული, ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით.

რეალურად კი რას წარმოადგენდა გასულ საუკუნეში თბილისური ეზო და იქაური ყოფა, ამაზე ეთნოლოგი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრა:

მისი თქმით, ძველი თბილისის ცხოვრებაში ეზოს და უბანს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. თბილისური ეზო უფრო აქტიური ზაფხულში იყო. მეზობლები საუბრობდნენ, უფროსები ნარდით, პატარები კი - სხვადასხვა თამაშებით ერთობოდნენ, იყო ხმაური და ჟივილ-ხივილი.

ამასთან, ეზო მრავალეთნიკური იყო - ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, ასირიელები, ბერძნები, ქურთები, რუსები, თათრები, ებრაელები... ეზო სოციალური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი გახლდათ, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის ადამიანები.

იქაურობა ერთი დიდი ოჯახი იყო თავისი საერთო სარდაფით, საპირფარეშოთი და ონკანით. საერთო ონკანზე ირეცხებოდა პროდუქტი, სხვადასხვა სანოვაგე - ასე რომ, ყველამ იცოდა, ვის ოჯახში რა სადილი მზადდებოდა. სარეცხიც ეზოში ირეცხებოდა და იქვე გაბმულ თოკზე იფინებოდა. ზაფხულში ლოგინს ამზევებდნენ, რასაც თოკებსა და აივნის მოაჯირებზე ჰკიდებდნენ.

აივანზე პენტავდნენ მატყლს, კერავდნენ და ალიანდაგებდნენ საბნებს... ქალები ფარდაგების, ნოხებისა და ხალიჩების რეცხვაში ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ეზოში, ხის გრძელ სკამებზე ჩამომსხდარი ქალები, თითისტარით მატყლს ართავდნენ. ამ ძაფისგან კი ზამთარში წინდებსა და სამოსს ქსოვდნენ.

თბილისელთა ეზოებისთვის ძველად არც ჭები იყო უცხო და ისიც საერთო გახლდათ. როგორც ირკვევა, ჭა მთელი ეზოსთვის მაცივრის როლს ასრულებდა, ზაფხულში მასში თოკმობმული ვედროებით გასაციებლად საზამთროს, ნესვს, ბოთლებით კი კახურ ღვინოს უშვებდნენ.

თბილისელები მეზობლებს მხოლოდ ერთ ეზოში მცხოვრებლებს არ უწოდებდნენ, არამედ მეზობელ სახლებსა და ქუჩაზე მცხოვრებსაც. ისინი ერთმანეთს არამარტო სცნობდნენ, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის მოზიარეებიც იყვნენ.

ყველა ეზოს თავისი ტრადიცია ჰქონდა. თუ იქ ახალი მოსახლე შეემატებოდა, მასაც იმ ტრადიციით უნდა ეცხოვრა, რაც დამკვიდრებული იყო. ერთ ეზოში მცხოვრებნი ერთმანეთთან ნათესავებივით ურთიერთობდნენ, ერთმანეთს ქომაგობდნენ. ეზოში დაუწერელი კანონებივით იყო - იქ, სადაც უფროსები იდგნენ, საუბრობდნენ, უმცროსები მათი ნებართვის გარეშე ვერ მივიდოდნენ, მით უმეტეს, ახალგაზრდა უფროსების საუბარში ვერ ჩაერეოდა. უზრდელობად მიიჩნეოდა მოსაუბრეთა შუაში გავლაც...

ქართული სტუმართმოყვარეობა თბილისური ეზოებისთვისაც დამახასიათებელი იყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-60-იან წლებში, თბილისის ძველ უბანში, ზაფხულის ცხელ დღეებში, გამვლელი ეზოში წყლის დასალევად რომ შესულიყო, ონკანიდან წყალს დალევდნენ - მასპინძელი სტუმარს ონკანიდან გადმომდინარე ცივ წყალს ლამბაქიანი ფინჯნით მიართმევდა.

საღამოობით ეზოებისთვის არც იმპროვიზებული პურმარილი იყო უცხო. ყველას თავისი პროდუქტი გამოჰქონდა. გამვლელ-გამომლელსაც მიიპატიჟებდნენ და ჭიქა სასმელს შესთავაზებდნენ. გამვლელი კი უმეტეს შემთხვევაში, პურისმჭამელებს ადღეგრძელებდა. ქუჩაში და ეზოში თამაშობდნენ გრძელ ვირს, მრგვალ ვირს, კოჭობანას - ეზო ეზოს ეჯიბრებოდა, ქუჩა - ქუჩას და უბანი - უბანს.

ძველ თბილისში ეს ტრადიცია მართალია XIX საუკუნის დასაწყისში აივნიანი და ორსართულიანი სახლების აშენების შემდეგ დამკვიდრდა, მაგრამ ბევრი რამ თბილისელებმა, განსაკუთრებით მეზობლური ურთიერთობები, უფრო ადრინდელი თბილისელებისგან მიიღეს, როდესაც ისინი დარბაზებსა და ბანიან მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ... გასულ საუკუნეში კი ორ-სამსართულიან სახლებს ეზოს მხრიდან გარშემორტყმული ჰქონდა ღია, ხის რიკულებიანი საერთო აივანი, რომელიც მეზობელთა ერთგვარ საკრებულოს წარმოადგენდა. ის იყო ოჯახის წევრების, სტუმრებისა და მეგობრების ძირითადი დასასვენებელი და თავშეყრის ადგილი, პირველი სართულის მცხოვრებნი კი ეზოში იკრიბებოდნენ. ხშირი იყო სჯა-ბაასი, ნარდის, დომინოს, ჭადრაკის თამაშისას. ეზოს მხრიდან სართულები ხვეული კიბეებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული.

თბილისურ ეზოებში მის მცხოვრებთ საერთო თონეები ჰქონდათ. თავდაპირველად ქალაქში პური არ ცხვებოდა. ყველა თვითონ აცხობდა, გარედან პურის შეტანა სირცხვილი ყოფილა. თბილისური ეზოსთვის დამახასიათებელი იყო ხეხილი - თუთა, ლეღვი, რომელსაც სამეზობლო ყოველთვის გემრიელად შეექცეოდა.

P.S. დღეს თბილისში ასეთ ეზოს, სამეზობლოს, ურთიერთობებს თითქმის ვეღარ შეხვდებით, რაც ბუნებრივიცაა, XXI საუკუნეს, ტექნოლოგიების ეპოქას თავისი მოთხოვნები აქვს, ცხოვრების აჩქარებული ტემპი და გამოწვევები. ეს კი ცხადია, თბილისელებზეც ვრცელდება. თუმცა ასეთ ეზოში მაცხოვრებლები იმას მაინც ჩივიან, რომ ეს სამეზობლო და მათი ურთიერთობები სადღაც გაქრა და ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ.