ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 პირი მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ორი ბავშვია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების ნაწილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ნაწილი კი, მცხეთის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათივე ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საავადმყოფოებში მყოფებს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული.
დაშავებულთა მოსანახულებლად ადგილზე მიდის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.