ხშირად ხდება ხოლმე, რომ ცნობილი ადამიანების შვილებს მშობლების კომპლექსი უყალიბდებათ - არ სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ცდილობენ არ აირჩონ საჯარო პროფესიები და ხალხმრავალ ადგილებსაც გაურბიან. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც დაძლიეს ეს კომპლექსი და მშობლების პროფესიული გზა წარმატებით გააგრძელეს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ ხელოვანს, რომლებიც არ შეუშინდნენ ლეგენდარული მშობლების გზის გაგრძელებას და პროფესიაში თავის დამკვიდრებაც შეძლეს.
ვერიკო ანჯაფარიძე - სოფიკო ჭიაურელი
ვერიკო არამხოლოდ საქართველოში იყო აღიარებული უდიდეს ტრაგიკოს მსახიობად, არამედ ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მსოფლიოს ათ საუკეთესო დრამატულ მსახიობს შორის დაასახელა. ხელოვანი მშობლების, მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის ოჯახში დაბადებული სოფიკო შემოქმედი ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა - ჭიაურელების სახლი ფიქრის გორაზე თბილისში სტუმრად მყოფი მსოფლიოს სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობდა.
როგორც წლების შემდეგ სოფიკო იხსენებდა, მეორე მსოფლიო ომის წლებში მოსკოვის თეატრის მსახიობებს მათი თეატრის ევაკუაციის გამო მარჯანიშვილის თეატრი მასპინძლობდა, მათ თბილისში უწევდათ ცხოვრება და ხშირად ფიქრის გორაზე ჭიაურელების სახლში იკრიბებოდნენ. უფროსების შეკრებებზე პატარა სოფიკოს არ უშვებდნენ, ის კი ასეთ ხერხს მიმართავდა - სახლის სახურავზე იპარებოდა. მთავარ ოთახს, სადაც სტუმრები იკრიბებოდნენ მინის სახურავი ჰქონდა, რომ მიხეილ ჭიაურელს ხატვისა და ქანდაკებების შექმნის პროცესში ოთახში სინათლე ჰქონოდა. 4-5 წლის სოფიკო კი მეზობლის ბავშვებთან ერთად დაწვებოდა ოთახის შუშის ჭერზე და ზემოდან უყურებდა, როგორ კითხულობდნენ ლექსებს და იმპროვიზირებულ წარმოდგენებს მართავდნენ სტუმრები.
ერთ-ერთ ასეთ საღამოს ცნობილმა რუსმა მსახიობმა ვასილ კაჩალოვმა ლექსის კითხვისას აიხედა ზემოთ და დაინახა ჭერზე დაწოლილი ბავშვები, რომლებიც დიდი ინტერესით შესცქეროდნენ უფროსებს. ვერიკო ანჯაფარიძე მიხვდა, ეს სოფიკოს ოინები იყო და სტუმრებს აუხსნა, რომ ბავშვებს არ უშვებდა ოთახში და მათ ასეთი გზა მონახეს ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ოჯახში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების სიმრავლე სოფიკოს მოზარდობის პერიოდშიც გაგრძელდა. სტუმრებს უნდოდათ, საღამოებს სოფიკოც დასწრებოდა, ემღერა, წაეკითხა ლექსები და მათთვის კომპანიონობა გაეწია. სოფიკო კი კატეგორიულ უარს აცხადებდა, ამბობდა: როდესაც ბავშვი ვიყავი მაშინ არ მიშვებდით, ხომ? ახლა კი მე აღარ მინდა, არ მაინტერესებსო!
როცა სოფიკო ჭიაურელმა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გადაწყვიტა ჩაბარება, მომზადებული პროგრამა ვერიკოს არ წარუდგინა და მოუმზადებლად გავიდა გამოცდაზე, თუმცა ამის მიუხედავად წარმატებით ჩაირიცხა სამსახიობო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სოფიკომ მამის, მიხეილ ჭიაურელის ფილმში - "რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ" დედასთან ერთად ითამაშა, სადაც მათ კნეინა და მისი მომავალი რძალი - ტასია განასახიერეს. მაყურებელი განსაკუთრებული სიყვარულით შეხვდა კომედიურ ფილმს, სადაც ქართული კინოს ვარსკვლავებთან ერთად ერთი ოჯახის წარმომადგენლები: ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და სოფიკოს პირველი მეუღლე გიორგი შენგელაია თამაშობდნენ.
როგორც ლეგენდარული მსახიობი წლების შემდეგ იხსენებდა, მამა, მიხეილ ჭიაურელი მუდმივად აღფრთოვანებული იყო ერთადერთი ქალიშვილით, რაც არ უნდა ეთამაშა სოფიკოს, ვერიკო კი არასოდეს აკეთებდა კომენტარს და კომპლიმენტებით არ ანებივრებდა მას, თითქოს სკეპტიკურად იყო განწყობილი სოფიკოს მიმართ. მაგრამ მრავალი წლის შემდეგ, ოჯახში ტრადიციული ვახშმის დროს, ვერიკომ შვილის სადღეგრძელო დალია და თქვა: აშკარაა, რომ ჩემი ქალიშვილი სოფიკო ჩემზე დიდი მსახიობიაო. სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა: "იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა რომ გამიხარდა რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის..."
2008 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა მშობლიური მარჯანიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, სოფიკო ჭიაურელმა თქვა, რომ მისი ვარსკვლავი ეძღვნებოდა დედას - ეს ვერიკო ანჯაფარიძის ვარსკვლავი იყო.
ელენე ყიფშიძე - ზურა ყიფშიძე
როგორც ამბობენ, ცნობილი დედის, დეიდებისა და ბებიის გარემოცვაში გაზრდილი ზურა იმდენად ცელქი იყო, რომ ოჯახის წევრებმა ლეგენდარულ ფსიქიატრთან ავლიპ ზურაბიშვილთანაც კი მიიყვანეს შესამოწმებლად... როგორც თავად მსახიობი იხსენებს, მათ სახლთან მდებარე იპოდრომს ხშირად სტუმრობდა და ცხენოსნობით იყო გატაცებული, კინოს მიმართ ინტერესი კი არ ჰქონია, თუმცა კინო თვითონ მივიდა მასთან.
ფოტო: მიხეილ მუმლაძე
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია "მაცი ხვიტიაში" ერთ-ერთი როლის შემსრულებლის დუბლიორს ეძებდა, ცხენოსნებს შორის ზურა ყველაზე პატარა და იმ როლისთვის შესაფერისი იყო და სწორედ მასზე შეაჩერეს არჩევანი - ის არა დუბლიორი, არამედ ამ როლის შემსრულებელი გახდა. ამ ფილმის გადაღებიდან რამდენიმე წელიწადში კი ლანა ღოღობერიძის ფილმში "როცა აყვავდა ნუში" მთავარი როლი ითამაშა, რამაც საყოველთაო აღიარება მოუტანა.
სამსახიობო ფაკუტეტის დამთავრების შემდეგ ზურაბ ყიფშიძემ "კინომსახიობთა თეატრში" დაიწყო მოღვაწეობა. მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ მოლიერის "დონ ჟუანში" მთავარი როლი შეასრულა, სპექტაკლით მთელს მსოფლიოში იმოგზაურა და არაერთი სახელგანთქმული კრიტიკოსის აღფრთოვანება დაიმსახურა. 1990 წელს ვაშინგტონში კინომსახიობთა თეატრის გასტროლებისას Washington Post წერდა: "ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ მოკვდე… მისი თითოეული ჟესტი პოეზიაა, მეტყველება - სიმფონია, ყოველი გამოხედვა - ჟრუანტელის მომგვრელია. თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები, ხოლო ეს ბიჭი ყველას მტვერში აგორავებს!"
რაც შეეხება დედა-შვილის ურთიერთობას, როგორც ზურა ყიფშიძე იხსენებს, ელენეს პროფესიულად ხშირად აკრიტიკებდა. "სპექტაკლში - "ეზოში ავი ძაღლია", ყველა რომ გიჟდებოდა მის პერსონაჟზე და იმ სცენაზე კიბეზე რომ ადის, მე მახსოვს სულ შენიშვნებს ვაძლევდი, სულ რაღაც არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი დედას" - იხსენებს ზურა ყიფშიძე.
მარინე თბილელი - ბაია დვალიშვილი
როგორც ამბობენ, ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ ბაია დვალიშვილი დედის, მარინე თბილელის პროფესიას აირჩევდა, რადგან ხასიათით ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მარინე ხმაურიანი, მჩქეფარე და თამამი იყო, ბაია - მორცხვი და მორიდებული. მათ ოჯახშიც ხშირად იკრიბებოდნენ სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები - მარინე თბილელი ცნობილი მსახიობი, მისი მეუღლე აკაკი დვალიშვილი კი კულტურის მინისტრის მოადგილე იყო და შესაბამისად, ქალაქში დადგმული ყოველი ახალი სპექტაკლისა და გადაღებული ფილმების განხილვა, პრემიერების დასრულების შემდეგ მათ სახლში გრძელდებოდა. ბაია კი ნამდვილად არ გამოხატავდა ინტერესს ამ საღამოების მიმართ და მეტიც, გაურბოდა კიდეც ამ განხილვებს.
სწორედ მისი მორცხვი ხასიათის გამო მშობლებს ნადვილად არ უფიქრიათ თუ მსახიობის პროფესიას აირჩევდა - ორი წლის განმავლობაში უკრძალავდნენ კიდეც თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას, თუმცა ამის მიუხედავად ბაია დვალიშვილმა მაინც ჩააბარა სამსახიობო ფაკულტეტზე. პირველი ფილმი, რომელშიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გადაიღეს, გურამ პატარაიას "კუჩხი ბედნიერი" იყო, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში.
ბაია დვალიშვილი მარინე თბილელს გარეგნულადაც ძალიან ჰგავს, როგორც თავად იხსენებს, წლების წინ ეს მსგავსება აბრაზებდა კიდეც: "ახალგაზრდობაში რომ მამსგავსებდნენ მარინას, ვბრაზდებოდი, ვამბობდი - არა, მე მამაჩემს უფრო ვგავარ-მეთქი, მაგრამ ახლა მიხარია ამას რომ მეუბნებიან, თან რაც ასაკში შევდივარ, უფრო ვემსგავსები დედაჩემს," - ამბობს ბაია დვალიშვილი.
ნანი ბრეგვაძე - ეკა მამალაძე
ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ სასიმღერო კარიერა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. ამის შემდეგ იყო სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროსა" და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის "ორერას" სოლისტი. 1980-იანი წლებიდან სცენაზე გამოდიოდა სოლო კონცერტებით.
როგორც ცნობილია, ნანი ბრეგვაძე შვილის მუსიკალურ შესაძლებლობებში ჯერ კიდევ ეკას ბავშვობაში დარწმუნდა. "სულ პატარა იყო, როდესაც დედაჩემთან ერთად იყო დასასვენებლად ეკა, მე გასტროლებზე ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი დედაჩემმა მითხრა - "ახლა ეკას მივცემ თოჯინას და ნახე როგორ დააძინებსო". მართლაც გაუწოდა სათამაშო და ეკამ ის "იავნანა", რომელსაც დედაჩემი და მე ვუმღეროდით, სრული სიზუსტით იმღერა! ისე გამიხარდა ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ მიფიქრია, რომ ის მომღერალი იქნებოდა".
თავდაპირველად დედა-შვილის სცენაზე დგომას მუდმივი ხასიათი არ ჰქონია, თუმცა ბოლო პერიოდში ნანი ბრეგვაძე ეკა მამალაძის გარეშე კონცერტებს თითქმის აღარ მართავს, ისინი სხვადასხვა ქვეყანაშიც ერთად დადიან გასტროლებზე. ბოლო წლებში დედა-შვილს მესამე თაობაც შეუერთდება - ეკას ქალიშვილი, უნიჭიერესი ნატალია ქუთათელაძე, რომელიც ამჟამად ბერკლის სამუსიკო კოლეჯში სწავლობს.
მოამზადა ზაურ მირიანაშვილმა