ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმინა. თუმცა, მისი გასაუბრება კომისიასთან წინა გამომსვლელებთან - გიორგი გახარიასთან და ირაკლი შოთაძესთან შედარებით ძალიან ხანმოკლე, დაახლოებით სამწუთიანი გამოდგა და მან მხოლოდ სამ შეკითხვას გასცა პასუხი.
საგამოძიებო კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან აღნიშნეს, რომ კომისიის ფარგლებში თეა წულუკიანის დაბარების აზრს თავიდანვე ვერ ხედავდნენ და კითხვებისთვის ასპარეზი საპარლამენტო უმცირესობას დაუთმეს.
მინისტრს შეკითხვებს საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე უსვამდა. ერთ-ერთი შეკითხვა იყო, იცნობს თუ არა თეა წულუკიანი პროკურორ მირზა სუბელიანს, რაზეც მინისტრმა მოკლე პასუხი გასცა - "არა".
შემდეგი შეკითხვა ეხებოდა წულუკიანის განცხადებას შოთაძის გადაგომის შესახებ:
"31 მაისს თქვენ ასეთი რაღაც თქვით: "ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას გადადგომაზე, არ ვეთანხმები. მსურს მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა - გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. ადასტურებთ რომ ეს განცხადება გააკეთეთ?" - ჰკითხა წულუკიანს კახიძემ, რაზეც მინისტრმა უპასუხა, "რომ არ ეთანხმებოდა და არც დღეს ეთანხმება" ამ გადაწყვეტილებას.
"საგამოძიებო კომისიამ, ამ ხნის მანძილზე დაადგინა რამდენიმე გარემოება: მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე 14 დღით შეწყდა თვითმხილველების დაკითხვა; არ ამოიღეს ფეისბუქის და ინსტაგრამის მიმოწერა მირზა სუბელიანსა და მის დეიდაშვილს შორის; არ ჩატარდა მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას სახლების ჩხრეკა; არ ამოიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა მ.კ-ს და ა.შ. ამ ფონზე, კიდევ მიგაჩნიათ, რომ ბატონი შოთაძე მართალი იყო და მას მადლობა უნდა გადაუხადოთ რაც მაშინ გითხათ?" - შემდეგი შეკითხვით მიმართა კახიძემ წულუკიანს.
"არ ვიცი რა რეჟიმში გჭირდებათ პასუხი... მე რამდენიმე ვერსია მაქვს პასუხის: კი ან არა, ცოტა მოკლე ან ცოტა ვრცელი" - უპასუხა წულუკიანმა. მას შემდეგ, რაც კახიძისგან მიიღო ნებართვა, რომ "კი ან არა" საკმარისი იქნებოდა ეპასუხა, ეთანხმება თუ არა მის განცხადებას, მინისტრმა უპასუხა - "რა თქმა უნდა, ვეთანხმები".