ორი დღის წინ ლიტერატურული კონკურსის "საბას" ჟიურიმ, კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. ფინალისტთა სია წელს წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მოკლე აღმოჩნდა, რამაც ლიტერატურულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
სოციალურ ქსელში სხვადასხვა ავტორებმა (რომელთა შორისაც "საბას" წინა წლების გამარჯვებულებიც იყვნენ), კრიტიკულად შეაფასეს მოკლე სია და აღნიშნულის სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრეს. მათ შორის დასახელდა ისიც, რომ შესაძლოა წიგნის მხატვრული ღირებულება ჩაანაცვლა ფინანსურმა ინტერესმა, რადგან წელს "საბას" დაჯილდოვება ფრანკფურტში, წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება.
ჩვენ "საბას“ ერთ-ერთ ორგანიზატორს რატი ამაღლობელს დავუკავშირდით და ყველა იმ კითხვით მივმართეთ, რაც განაწყენებულ ავტორებსა თუ ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებაში გაჩნდა...
- ბატონო რატი, "საბას" ფინალისტების წლევანდელი სია წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მოკლეა, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რატომ მოხდა ასე?
- ყოველ წელს ჟიურის პოლიტიკა სხვადასხვანაირია, რადგან ჟიურის შემადგენლობა ყოველ წელს იცვლება და ყოველთვის მაღალკვალიფიციური ლიტერატორები არიან სხვადასხვა სფეროდან - მთარგმნელები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, პოეტები, სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენლები... კარგი იქნება ჩვენ თუ ვისაუბრებთ ტექსტებზე, კონკრეტულ წიგნებზე... თუ რატომ არის კონკრეტული წიგნი "შორთლისტში" წარმოდგენილი, ან რატომ არ არის... ეს უფრო ხელს შეუწყობდა ლიტერატურის ირგვლივ არსებულ დისკუსიას, გააღრმავებდა, პროფესიულს და საინტერესოს გახდიდა... "საბაც" სწორედ ამას ისახავს მიზნად რომ ასეთი დისკუსიები შედგეს არა რაოდენობრივზე, არამედ ხარისხობრივზე.
- კრიტიკოსი ლექსო დორეული ვარაუდობს რომ, რადგან დაჯილდოება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება, შესაძლოა, ამიტომაც ღირსეული ავტორები გარკვეულ ფინანსურ ინტერესებს შეეწირნენ... ავტორი ალექსადრე ლორთქიფანიძე კი, რომლის "მოწითალო და მოშავო" მკითხველის ფავორიტად ითვლება და ნომინანტებში ვერ მოხვდა, თვლის, რომ ნომინაციის გარეშე დატოვება, თანაც ზედიზედ, რამდენიმე წლის განმავლობაში, უბრალოდ უსამართლობაა... რას უპასუხებთ მათ?
- ვფიქრობ, რომ ჟიურის უნდა დაველოდოთ, რომელიც დაჯილდოების შემდეგ გამოჩნდება. ლიტერატურული კონკურსი არ არის ერთი დღის პროცესი და ჟიურის წევრებს უნდა ვკითხოთ, კონკრეტულად მათი პოზიციები გავიგოთ, შედგეს დისკუსიები ამ კითხვებთან დაკავშირებით. შესაბამისად ვფიქრობ ძალიან ბუნებრივი პროცესია ამ კითხვების დასმა... მე როგორ გავცე ამ კითხვებს პასუხი?! არ გამოვდგები ამ ძალიან კარგი მწერლების კითხვების მოპასუხედ! ეს არის ჟიურის სამუშაო პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ლეგიტიმური იქნება ამ კითხვების მათთვის დასმა... საერთოდ ყველა კონკურსს ახლავს ასეთი რამ და აბსოლუტურად ბუნებრივია.
- მკითხველების კომენტარებში ისიც ამოვიკითხე, რომ "საბა" ბოლო წლებში გამარჯვებულებს ნაცნობობით ავლენს...
- საბა 16 წელია არსებობს და ყველაზე პოპულარული კონკურსია! წლებმა დაამტკიცა, რომ შეიძლება არსებობდეს კითხვები, რაც სრულიად ბუნებრივია, მაგრამ რაიმე ტიპის გარიგებებში არასოდეს არ ყოფილა შესული. ყოველ წელს იცვლება ჟიურის შემადგენლობა ზოგჯერ მთლიანად, ზოგჯერ 90 პროცენტით. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ერთ წრეზე ტრიალებს ან ერთ პოლიტიკას ახორციელებს.
- პირადად თქვენი დამოკიდებულება როგორია მოკლე სიასთან დაკავშირებით, არ გიჩენთ ეჭვის საფუძველს, რომ ფინანსური მხარის გათვალისწინებით მოხდა?
- არ მგონია ფინანსური მხარის გათვალისწინებით იყოს... ეს არის კონკრეტულად წლევანდელი ჟიურის ხასიათი და დამოკიდებულება ტექსტების მიმართ. რაზეც შეგვიძლია ვიდაოთ, გავხსნათ დისკუსია, ერთმანეთი დავარწმუნოთ, ჩავრთოთ ლიტერატორები, ჟიურის წევრები... დისკუსია აუცილებელია, მაგრამ ამ კითხვებზე მე პასუხს ვერ გავცემ, რადგან ორგანიზატორი ვარ და ჩემს პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. უამრავ ადამიანს ვგულშემატკივრობდი, რომლებიც ვერ მოხვდნენ, მაგრამ სანამ დაჯილდოვება არ იქნება ამას ვერ ვიტყვი.
მეც შეიძლება მქონდეს ნაკლულობის განცდა, მაგრამ ჟიური სრულიად თავისუფალია როგორც "თიბისი" ბანკისგან ისე კონკურსის ორგანიზატორებისგან. ისინი მხოლოდ საკუთარ პროფესიულ სტანდარტებთან არიან ანგარიშვალდებული და მათი გადაწყვეტლებები ექვემდებარება განსჯას, დისკუსიას, კრიტიკას...
- რატომ იყო ერთ ნომინაციაში - საუკეთესო პროზაულ კრებულში, მხოლოდ ორი ნომინანტი?
- ხანდახან საერთოდ ნომინაციაც მოუხსნიათ ჟიურის წევრებს. წელსაც მოიხსნა ლიტერატურული კრიტიკის ნომინაცია, მაგრამ იმას რატომ არ ახსენებენ რამდენი სხვა ნომინაცია დაემატა?! ფრანკფურტი საერთაშორისო ფორმატია და რამდენიმე საერთაშორისო პრემიას გავცემთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ქართული ლიტერატურა თარგმნეს, ქართულ ლიტერატურაზე დაწერეს რეცენზიები და ქართული ლიტერატურა გამოსცეს. ერთი წელი შეიძლება ამ თვალსაზრისით "საბამ" გასცეს პრემია. ვიმეორებ, რომ ფრანკფურტზე დაახლოებით 50 ქართველი მწერალი იქნება წარმოდგენილი და არ მგონია რამე კავშირში იყოს ფინანსურ მხარესთან.