2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა. მათგან 40-მა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდა. 83 შეწყალებულში უვადო პატიმარიცაა, რომელსაც პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ეს უვადო პატიმარი პაატა კამკამიძეა, რომელიც სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის იხდის. პრეზიდენტმა 40 წლის პატიმარს გათავისუფლების თარიღად 2034 წელი დაუდგინა.
კამკამიძის საქმე ეხება 22 წლის წინანდელ შემთხვევას, რომელიც საქართველოში, სამხედრო სამსახურში მოხდა და რომლის დროსაც რამდენიმე ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
მკვლელობისთვის 18 წლის პაატა კამკამიძე და ასევე 18 წლის ზურაბ ჩხაიძე გაასამართლეს და ორივეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. კამკამიძემდე, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე, გათავისუფლების თარიღი აღნიშნული მკვლელობის თანამონაწილეს, უვადო პატიმარ ზურაბ ჩხაიძესაც დაუდგინდა - საპატიმრო დაწესებულებას ის 2032 წელს დატოვებს.
ავტორი: ნანა ფიცხელაური