"თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლ ოთახში, იგივე ლოგინზე, იგივე მონაცემებით ახალგაზრდის მონაწილეობით ჩავატარეთ ექსპერიმენტი (სხეულის მოდელირება)", - წერს სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი. ადვოკატი ექპერიმენტის დეტალებს ფეისბუქ-პოსტში აღწერს:
"თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლ ოთახში, იგივე ლოგინზე, იგივე მონაცემებით ახალგაზრდის მონაწილეობით ჩავატარეთ ექსპერიმენტი (სხეულის მოდელირება), ლოგინზე და კედელზე არსებული დაზიანებების მეშვეობით აღვადგინეთ მდგომარეობა, თუ ზუსტად სად და როგორ უნდა ყოფილოყო თემირლანის თავი სროლის განხორციელების მომენტში. სურათიდან ნათლად ჩანს, რომ სროლის დროს თემირლანი იწვა ისე, რომ ოდნავ თავიც არ ჰქონია წამოწეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყვია სხვა ტრაექტორიით გავიდოდა და დატოვებდა დაზიანებას მხოლოდ კედელზე, ან უკიდურეს შემთხვევაში ლოგინის თავზე.
ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ან სძინავს, ან ისვენებს, არის მშვიდ მდგომარეობაში. შეუძლებელია და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ახორციელებდეს თავდაცვას, იყოს შეშინებული, იყოს აგრესიული ადამიანი და არ წამოდგეს. რა არის პირველი რეაქცია შიშის დროს? ბრაზის დროს? მითუმეტეს თავდაცვის და თავდასხმის დროს? რა მდგომარეობაში მოკიდებდა ის ხელყუმბარას ხელს (გამოდის ხელში სჭერია და იცოდა სპეცრაზმი მოდიოდა, მოემზადა ამისთვის) და შემდგომ დახრახნიდა ფალიას, შემდგომ კი უნდა ეცადა მისი გახსნა, რასაც დრო სჭირდება და თან მოძრაობა, მოქმედება. დაწოლილი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში არ არის ძლიერი, უნდა წამოდგეს მაინც განახორციელოს ელემენტარული მოქმედებები. სხვა რომ არაფერი ვთქვა ოთახში შემოვარდნილი ადამიანების დანახვაზე, რომლებიც შესაძლოა ეფიქრა დაყაჩაღების მიზნითაც არიან, უნდა წამომდგარიყო წამიერად და ძალა გამოეყენებინა.
ველოდებით სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნას, აგრეთვე, ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, სადაც უნდა დაფიქსირდეს სიმართლე, სხეულის, თავის ზუსტი მდებარეობა. რითაც ვფიქრობ ყველაფერი ცხადია!
სხვათა შორის, დასკვნას დიდი ხანია ველოდებით, სამხარაულის ექსპერტებს შევნიშნე რას არ ცდილობდნენ, რომ სხვა გამოსავალი ენახათ, შეშინებულებს ჰგავდნენ, იმედი მაქვს ობიექტური დასკვნა დაიდება და ჩემი ეჭვები არ გამართლდება. მაია ნიკოლაიშვილმა კი პირველივე დღეს თქვა ზეპირსიტყვიერად ზუსტად ეს მდგომარეობა, რასაც წერილობითაც გადმოგვცემს. სხვა კომენტარზე ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ, სუს-ის ტყუილებს ყველაფერს გამოვააშკარავებთ, ჯერ ყველაფერი ახლა იწყება!