ავტორი:

"არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ!" - ვნებათაღელვა "საბას" ფინალისტების მოკლე სიის გამო

"არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ!" - ვნებათაღელვა "საბას" ფინალისტების მოკლე სიის გამო

ორი დღის წინ ლიტერატურული კონკურსის "საბას" ჟიურიმ, კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. ფინალისტთა სია წელს წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მოკლე აღმოჩნდა, რამაც ლიტერატურულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ავტორებმა (რომელთა შორისაც "საბას" წინა წლების გამარჯვებულებიც იყვნენ), კრიტიკულად შეაფასეს მოკლე სია და აღნიშნულის სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრეს. AMBEBI.GE რამდენიმე ავტორს და კრიტიკოსს დაუკავშირდა აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ნომინანტების მკვეთრად შემცირებული სიის გამოქვეყნება და ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფინანსურ მხარეს, როგორც ამას სიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული გვპასუხობს, რომ შესაძლოა ღირსეული ავტორები გარკვეულ ფინანსურ ინტერესებს შეეწირნენ:

- ზოგადად "საბას" კონკურსის ტრადიციას თუ გადავხედავთ, ყოველთვის საკმაოდ დიდი "შორტლისტი" იყო და ზოგიერთი ავტორი სიაში შეყვანასაც არ იმსახურებდა. წელს მოხდა საპირისპიროდ: კომიკურად მოკლე სიაა შედგენილი, სია არც ითქმის. ძნელია ასე ოფიციალურად თქვა, რასთან არის ასე მოკლე სია დაკავშირებული, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ფინანსურ მხარესთანაა კავშირში. ვიცით, რომ "საბას" დაჯილდოება ფრანფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება და იმიტომ მოხდა ასე მოკლე სიის შედგენა, რაც ძალიან ცუდია! ლიტერატურული კონკურსისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მხატვრული ღირებულება და არა საბანკო და ფინანსური ინტერესები...

თუ გრძელ სიას გადავხედავთ, აბსოლუტურად დავრწმუნდებით, რომ არსებობდა იმის პოტენციალი, რამდენიმე ავტორი გასულიყო "შორთლისტში". დარწმუნებული ვარ მოხვდებოდა კიდეც, სხვა მოცემულობა რომ არ ყოფილიყო და კონკურსი ფრანკფურტში არ ტარდებოდეს... წიგნის მხატვრული ღირებულება ჩაანაცვლა ფინანსურმა ინტერესმა. როდესაც არაადეკვატური მითითებაა ჟიურის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოკლე სიები შეედგინათ, იქ ავტორებიც იჩაგრებიან და ლიტერატურული პროცესიც. სწორი იქნებოდა ჟიურის წევრებში თუ ეს ყველაფერი გარკვეულ პროტესტს გამოიწვევდა. მე პირადად ჟიურის წევრი რომ ვყოფილიყავი, პროტესტს აუცილელად გამოვთქვამდი...

ტენდენცია, რომ მაქსიმალურად მოკლე სია იქნებოდა, თავიდანვე შეიმჩნეოდა. ამოღებული იყო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაცია და ესეც მაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილება ფინანსური კუთხით მიიღეს. თუ რატომ დაიჩაგრა ლიტერატურული კრიტიკა, ამის შესახებ ჯერ პასუხი არ მიგვიღია... გასაგებია, რომ ეს არის კონკრეტული ბანკის მიერ დაწესებული პრემია და მას სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, მის მიმართ ბევრი მოთხოვნები და პრეტენზიები ვერ გვექნება. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ამ პრემიამ საზოგადოებრივი ტრადიცია შექმნა, საქმე ლიტერატურას ეხება და არა კომერციულ, საბანკო ოპერაციებს, არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ! ჩვენ კი სერიოზულად ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან კომიკური სიტუაციაა იმ მხრივ, რომ რამდენიმე ათასი ევროს გამო, ასეთმა სერიოზულმა ორგანიზაციამ ავტორების სია შეამოკლა! ჩატარდეს "საბას" კონკურსი ღირსეულად და არა ისე, რომ ორი ავტორიდან გვიწევდეს საუკეთესოს არჩევა!" - გვითხრა დორეულმა.

ავტორების მოკლე სიას საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა ახალგაზრდა ავტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. მისი ახალი პოეტური კრებული - "მოწითალო და მოშავო" მკითხველის ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ის ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ნომინაციის გარეშე დატოვება, თანაც ზედიზედ, რამდენიმე წლის განმავლობაში, უბრალოდ უსამართლობაა:

"პირველ რიგში ვულოცავ ფინალისტებს, რამდენიმე მათგანს არ ვიცნობ, რამდენიმე არ მაქვს წაკითხული, ზოგი წაკითხული მაქვს და მომწონს, ზოგი წაკითხული მაქვს და არ მომწონს, ზოგი ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, გულწრფელად ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ყველას. რაც შემეხება მე, "უჰ მკიდია მე კონკურსები" და ეგეთები სისულელეა, მესმის, რომ არც ერთი კონკურსით არც იწყება წიგნის ისტორია და არც სრულდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში "საბა" ქვეყნის მთავარ ლიტერატურულ პრემიად ჩამოყალიბდა, ბუნებრივია ნებისმიერი ავტორი მოელის და ნებისმიერისთვის აქვს მნიშვნელობა, თუკი თვლის რომ იმსახურებს, როგორი "ანარქისტიც" არ უნდა იყოს.

ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ისეთი კრებულია ეგ, არ მოუხდებოდა ბანკის გაცემული ჯილდოო, რაშიც, იდეაში კი ვეთანხმები, უბრალოდ მჯერა ჟიურის დამოუკიდებლობის და ამიტომ მწყინს "მოწითალო და მოშავოს" ვერმოხვედრა, თორემ ისე, მაგ წიგნს ოდესმე მზესუმზირის გამყიდველები თუ წაიკითხავენ, გვერდებს "კულოკებად" გადააკეთებენ და გამოადგებათ - ეგ უფრო გამიხარდება.

რაც შეეხება წიგნს, როცა "ლურჯი" ვერ მოხვდა დებიუტში, გამიკვირდა, მაგრამ მივიღე ეს როგორც გამოწვევა, რომ გავზრდილიყავი, როგორც ავტორი და ჩემზე გავლენა შინაგან ხმას უფრო მოეხდინა, ვიდრე რაღაც აღიარებას. როცა "გამჭვირვალე" ვერ მოხვდა ფინალში, მეწყინა, რადგან ვთვლიდი, რომ კარგი კრებულია და შეიძლება არ მოეგო, მაგრამ მინიმუმ ფინალში მოხვედრილიყო. ახლა "მოწითალო და მოშავო" ვერ ხვდება ფინალში და გულწრფელად ძალიან მწყინს, რადგან მეგონა, ობიექტურად ვთვლიდი, რომ ობიექტურად კარგი ტექსტია და მით უფრო, რომ ამ ტექსტისთვის ძალიან ბევრი რამ გავიღე. ერთი სიტყვით, მგონია რომ ეს უსამართლობაა. იმედი მაქვს ჟიურიმ წაიკითხა მაინც და ისე გადაწყვიტა, არგუმენტირებულად. და თუ ასეა, ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი არგუმენტების მოსმენა, იქნებ საერთოდ არასწორ მხარეს ვიყურები და უცებ გავსხივოსნდე… პ.ს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემ მკითხველს, ვინც გაიზიარა "მოწითალო და მოშავო", ვისზეც იმოქმედა ამ წიგნმა და ვინც უგულშემატკივრა ამ ტექსტს" - წერს ლორთქიფანიძე.

ახალგაზრდა მწერალი მარი ბექაური ერთ-ერთია იმ იღბლიან ნომინანტებს შორის, რომლებიც საუკეთესო რომანის ნომინაციაში აარჩიეს "საბას" ჟიურის წევრებმა. ბექაურის "ანას მომენტი" ოთხ სხვა ავტორთან ერთად იზიარებს ამ ნომინაციას. მარი ბექაურს მისი ზოგიერთი კოლეგის და ლიტერატურული საზოგადოების ეჭვების შესახებ ვუთხარით და ვკითხეთ, რით შეიძლება იყოს გამოწვეული კონკურსის მოკლე სია:

"წიგნები, რომლებზეც გამოითქვა გულისტკივილი, რომ სიაში ვერ მოხვდა, სამწუხაროდ წაკითხული არ მაქვს. თუმცა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე უნიჭიერესი ადამიანია და ვფიქრობ, რომ მისი წიგნი კარგი იქნებოდა თუ მოხვდებოდა. აუცილებლად წავიკითხავ ახლო მომავალში, მაგრამ იქედან გამომდინარე, როგორც წერს, დარწმუნებული ვარ მისი წიგნი კარგი იქნება... ბევრ რამეზე ვერ ვიმსჯელებ. თუნდაც "შორთლისტში" მოხვედრილ წიგნებზე, რადგან მათი უმეტესობა წაკითხული არ მაქვს... ჟიურის წევრი სამჯერ ვიყავი მე თვითონ და აქედან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი ჟიურის წევრების გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მე მაგალითად, აბსოლუტურად სხვა ათი ფავორიტი მყავდა და ზვიად კვარაცხელიას სრულიად სხვა... გააჩნია ადამიანი ლიტერატურაში უპირატესობას რას ანიჭებს. ზოგისთვის მწერლის ესთეტიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ზოგისთვის სიუჟეტის განვითარება... ცოტა მეუცნაურა ერთ ნომინაციაში რომ მხოლოდ ორი ავტორია. მართლა გულწრფელად გეუბნებით რომ ორივე მიზეზს ვუშვებ: ან ცოტა ხალხი უნდა ყოფილიყო, ან მხოლოდ ეს ორი წიგნი მიიჩნია ჟიურიმ საჭიროდ... ჩვენ არ უნდა დაგვაწყდეს, რომ ამ სიას აკლია საუკეთესო თარგმანის ნომინაცია. თარგმანში ბევრად მეტი ნომინანტი არის ხოლმე წარდგენილი, ვიდრე სხვა ნომინაციაში... სექტემბერში ამ სიას კიდევ დაემატება ხალხი და სია შეიძლება ბევრად უფრო გაიზარდოს... პირადად ჩემი დამოკიდებულება კონკურსების მიმართ ასეთია: თუ რამე კონკურსზე გავალ, მიხარია, თუ არა და არ მწყინს, არ მაინტერესებს... ჟიურის წევრი თვითონ ვყოფილვარ და ვიცი მათი მუშაობის სპეციფიკა... წელს "საბას" დაჯილდოება გამორჩეულია იმ მხრივ, რომ დაჯილდოება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება და ბუნებრივია სურვილი მეტი იყო "შორთლსტში" მოხვედრის" - ამბობს ბექაური.

"საბას" 2017 წლის გამარჯვებული, მწერალი ალეკო შუღლაძე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნულ ლიტერატურულ კონკურსს, კიდევ ერთ კონკურსს - "ლიტერას" ადარებს. "გადამალვის" ავტორი უცნაურობას სწორედ ამაში ხედავს - ორი ლიტერატურული კონკურსის არც ერთი ნომინაციის ნომინანტები ერთმანეთს არ დაემთხვნენ:

ფოტო: okmagazine

"კითხვა რომელიც გამიჩნდა, მერწმუნეთ არავის შეურაცხყოფს, ჟიურის არცერთ წევრს, არც კონკურსში მონაწილე რომელიმე ავტორს, უბრალოდ, პირადად მე მაოცებს და მაორებს. ორი სიის შედარებისას ძალიან დიდი უცნაურობები აღმოვაჩინე. საუბარია ლიტერასა და საბას კონკურსების მოკლე სიებზე და გამარჯვებულებზე.

გარჩევებზე და ახსნებზე ვერ გადავალ, პასუხები არ მაქვს, უბრალოდ სტატისტიკას ვდებ: "ლიტერას" გამარჯვებული ნაირა გელაშვილი საერთოდ ვერ ხვდება „საბას“ ხუთეულში (ანუ თავში პირველი აზრი რაც მომდის - ან ძალიან მაგარია და ან არ ვარგა.) ლიტერამ გრანპრი გადასცა და აქ ხუთეულში ვერ მოხვდა!!! (კომენტარებში გაირკვა, რომ არ შეუტანია თავისი ნაწარმოები, ამიტომ ეს უცნაურობა აღარ არის უცნაურობა, ანუ აქ გადავრჩით).

შემდეგ: საბას პროზაულ კრებულში არის სულ ორი ნომინანტი. აქედან ერთ-ერთი ლევან მუსხელიშვილია. ანუ სულ ორია, მეტი არა. და ერთ-ერთი ლევან მუსხელიშვილია. მაგრამ ლევან მუსხელიშვილი ერთი თვით ადრე საერთოდ ვერ ხვდება ლიტერას პროზაული კრებულის მოკლე სიაში, რომელშიც 6 ავტორია. აქ თითქმის გამარჯვებულია და იქ საერთოდ არ იყო!!! ექვსშიც ვერ მოხვდა!!! გარდა ამისა, ლიტერას იგებს ბექა ქურხული, რომელიც საბას ორეულში ვერ მოხვდა. ვაგრძელებთ: ლიტერას პოეტურ კრებულს იგებს ლელა სამნიაშვილი (ორი გამარჯვებულიდან ერთი), რომელიც საბას 5 კაცში ვერ ხვდება!!! თქვენ ალბათ იტყვით მერე რაო, მაგრამ გაანალიზეთ და მერე თქვით.

ახლა კი უსაოცრესი რამ პრიზი - საუკეთესო დებიუტი. უკომენტაროდ - ეს ლიტერას მოკლე სიაა:

1. ბაკურ გაბუნია, „Vita Brevis“, გამომცემლობა „ინტელექტი“ 2. ქეთევან მეფარიძე, „მეზობლად“, გამომცემლობა „ინტელექტი“ 3. გურამ მაცხონაშვილი, „გლდანი“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 4. ელის დოჯსონი „რაფლეზია“, გამომცემლობა „პალიტრა L“ 5. შორენა ხუხუა, „შემოვალ ეტლით“, გამომცემლობა „პალიტრა L“

ეს კი საბასი: 1. საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 2. გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) 3. ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) ანუ ძალიანაც რომ მოგინდეს გადაკვეთის წერტილებს ვერ იპოვი, ვერცერთს. ძმანო, დანო და ჟიურნო - დავიბენი. უბრალოდ გავიხუმრებ, არავის ეწყინოს რა: ჟიური სხვადასხვა პლანეტიდანაა?" - წერს "საბას" 2017 წლის გამარჯვებული მწერალი ალეკო შუღლაძე.

"საბას" ჟიურის ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, AMBEBI.GE-ს მათთან დაკავშირების და ავტორების თუ კრიტიკოსების მოსაზრებების გაზიარების საშუალება არ მოგვეცა. მაგრამ, ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით დავკავშირებოდით ლიტერატურული კონკურსის "საბას" ორგანიზატორებს, თუმცა ამაოდ... ჩვენ ვეცდებით კონკურსის წარმომადგენლების კომენტარის მოპოვებას და ლიტერატურულ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს