იარაღი, რომლითაც ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა სამხედრო პოლიცია.
„1-ელ აგვისტოს, საღამოს საათებში სერჟანტთა მომზადების აკადემიაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამმა ცივი იარაღით. ხუთივე მათგანი პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის მომხდარი ხიშტ დანებით. იარაღი, რომლითაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. იმ მომენტში სამხედრო პოლიცია არ იმყოფებოდა ადგილზე. გამოძიება საწყის ეტაპზეა და ახლა ვერ მოგახსნებეთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვას, სავალდებულო იყო თუ არა, რომ ადგილზე სამხედრო პოლიცია ყოფილიყო, პოლკოვნიკმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს.