ავტორი:

რას შეეწირნენ სამხრეთ აფრიკაში რუსი ჟურნალისტები, რომელთაგან ერთ-ერთი აგვისტოს ომს აშუქებდა

რას შეეწირნენ სამხრეთ აფრიკაში რუსი ჟურნალისტები, რომელთაგან ერთ-ერთი აგვისტოს ომს აშუქებდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ჟურნალისტი ორხან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრე რასტარგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო იქ სპეციალური დავალებით იყვნენ ჩასული.

"ეს იყო "გამოძიებების მართვის ცენტრისა" და ალექსანდრე რასტარგუევის ერთობლივი პროექტი” - უყვება novayagazeta.ru-ს ჟურნალისტი როდიონ ჩეპელი, რომლის თქმითაც, ჟურნალისტები მას შემდეგ წავიდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთიდან აფრიკაში პერიოდულად სამხედრო ფორმიანი ადამიანები ჩაჰყავდათ და “ვაგნერების” აფრიკულ “ვოიაჟზე” დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდნენ.

სავარაუდოდ, საუბარია "ვაგნერებზე", რომლებიც სირიაში საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი და როდესაც მსხვერპლი მასშტაბურია, რუსეთის ხელისუფლება, კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის იტოვებს უკანდასახევს, რომ ის არაფერ შუაშია. უწყების განცხადებით - “ვაგნერი” არის ვეტერანი და შეიარაღებული ძალებიდან წამოსული სამხედროებით დაკომპლექტებული კომერციული სამხედრო ორგანიზაცია და ისინი მსოფლიოს ამა თუ იმ "ცხელ წერტილს" თავიანთი სურვილით ირჩევენ.

სინამდვილეში, რუსულმა მედიამ (და არა მხოლოდ) შესანიშნავად იცის, რომ მათ პუტინის ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ისე, რომ პასუხისმგებლობას არც იღებს... როგორც ჩანს, მათ გარკვეული ამოცანები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც დაუსახეს. სწორედ ამის გარკვევას შეეწირნენ რუსი ჟურნალისტები. ადგილობრივმა ხელმღვანელობამ და შემდგომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მათი მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ძარცვა დაასახელა, რაც რასაკვირველია, დაუჯერებელია...

კიდევ ერთი ვერსიით, ისინი ადგილობრივმა შიარაღებულმა ძალებმა მოკლეს, ოღონდ გაურკვეველი მიზეზით... თუმცა, ყველაზე რეალური ვერსია ისაა, რომ ჟურნალისტების ჩანაფიქრის შესახებ ინფორმაციამ როგორღაც გაჟონა და მათი აფრიკაში ყოფნის შესახებ კრემლისთვისაც ცნობილი გახდა...

“ქვეყნის დედაქალაქ ბანგიში მყოფმა ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ France Presse-ის სააგენტოს აცნობა, რომ ცენტრალურ აფრიკაში რუსეთის წარმომადგენლობას არ ჰქონდა ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე რომელიმე რუსი ჟურნალისტის ყოფნის თაობაზე..." - წერს გამოცემა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე წლებია სამოქალაქო ომია და ყველა ქალაქი ერთმანეთისგან ბლოკპოსტებით არის გამიჯნული თუ დაკავშირებული. არსებული ინფორმაციით, რუსი სამხედრო ინსტრუქტორები, მრჩევლები და მეომრები, უკვე რამდენიმე თვეა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამას, სირიის არ იყოს, საგულდაგულოდ მალავს... ორხან ჯემალი, ალექსანდრე რასტარგუევი და კირილ რადჩენკო ცენტრალურ აფრიკაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და ბანგიდან დასავლეთით, ქალაქ ბამბარისკენ გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთი ბლოკპოსტზე გააჩერეს და იქვე "დაბლოკეს" კიდეც... დაკარგულია მძღოლი, რომელიც მათ ახლდა - ის სავარაუდოდ, ადგილობრივია.

ერთ-ერთი დაღუპული, ორხან ჯემალი საქართველოშიც არის ნამყოფი. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აშუქებდა. 2012 წელს, გამოცემა Накануне.RU-სთან საუბრისას, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დეტალების განხილვისას, ჟურნალისტი ამბობდა, რომ ამ ომში გამარჯვებული დარჩა მხოლოდ “სამხრეთ ოსეთი”.

“სამივე მხარე ცდილობდა თავისი პრობლემების მოგვარებას - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა, რუსეთს მაშინდელი ქართული ელიტის შეცვლა უნდოდა, სამხრეთ ოსეთს კი თავისი ტერიტორიიდან ქართული ანკლავების მოშორება... მხოლოდ მას გაუმართლა - სხვა არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ათასობით ქართველმა დატოვა, მათი სოფლები კი გადაწვეს.

რაც შეეხება რუსეთს, ვერ ვიტყოდი, რომ ამ ომიდან რამე სარგებელი მიიღო. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ის მანამდეც რუსეთის პროტექციის ქვეშ იყო და მისთვის არც ომის შემდეგ შეცვლილა რამე... რუსეთის შეიარაღებული ძალები იქ ომამდეც იყვნენ და შემდეგაც დარჩნენ. რამე პრინციპული ცვლილება არ ყოფილა... შემდეგ მსოფლიოში კარგა ხანს იყო მოსაზრება, რომ რუსეთი არის აგრესიული ქვეყანა, რომელიც პრობლემების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს", - წერდა ჟურნალისტი. ორხან ჯემალი ასევე აშუქებდა ავღანეთის, ერაყის, ლიბიის, სირიისა და საუდის არაბეთის კონფლიქტებს.

ფოტოები: BBC, რადიო თავისუფლება

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე