სატრანსპორტო პოლიტიკა დადებითად შემიძლია შევაფასო, ერთადერთს დავამატებდი, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შეფასებისას განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ, ჩვენ თბილისის მერისგან სატრანსპორტო პოლიტიკა მოვისმინეთ, რომელიც ცალსახად დადებითად შემიძლია შევაფასო. აქ საუბარია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მისი ქსელის განვითარებასა და იმ ავტობუსების ჩანაცვლებაზე, რომელიც ჩვენთვის ყოველდღიური სატკივარია საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის კუთხით. მნიშველოვანი მიმართულებაა ტაქსების ლიცენზირება, რაც დღეს პრაქტიკულად ქაოტურ მდგომარეობაშია, ასევე პარკირების სისტემის შემოღება, ყველა ევროპულ ქვეყანაში ასე ხდება, რომ ცენტრალურ ნაწილში საათობრივი პარკირება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გარეუბნებში. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხედვა ნამდვილად ევროპულია და ევროპული ქალაქის მშენებლობას შეუწყობს ხელს. ერთადერთი, რასაც აუცილებლად დავამატებდი ესაა, მეტი აქცენტის გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების თემაზე. ძალიან გაკვრით იყო ნახსენები ქვეითთა უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ვფიქრობ, ამაზეც ცალკე პრეზენტაცია იქნება გასაკეთებელი. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, თბილისში, მიმდინარე წელს, 6 თვის მონაცემებით, დაიღუპა 46 ადამიანი და 1800-ზე მეტი პირი დაშავდა, როდესაც შარშან შედარებით ნაკლები იყო - 43 გარდაიცვალა და 1800-ზე ნაკლები დაშავდა", - განაცხადა ლალიაშვილმა.
ეკა ლალიაშვილი ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის ინიციატივას შეეხო და აღნიშნა, რომ ეს სწორი და დროული ინიციატივაა, თუმცა, აქაც აკლია საგზაო უსაფრთხოების ნაწილი.
"აქცენტები იყო უფრი ჰაერის დაბუნძურებაზე, რაც ნამდვილად საჭიროა, თუნცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გზებზე უსაფრთხოება", - განაცხადა ლალიაშვილმა.