სერიალის „ნარკობარონი“ (Narcos) ეკრანზე გამოსვლამდე ბევრმა არ იცოდა, რომ „კოკაინის მეფე“, ცნობილი კოლუმბიელი კონტრაბანდისტი პაბლო ესკობარი მზრუნველი მამა იყო.
ესკობარის შვილებმა მამის გარდაცვალების შემდეგ სახელები შეიცვალეს. მანუელა ხუანა მანუელა მაროკინ სანტოსი გახდა, ხუან პაბლო კი - სებასტიან მაროკინი. ისინი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ.
სებასტიანი არქიტექტორი და ორატორია, მან, ასევე, დაწერა წიგნი „პაბლო ესკობარი, მამაჩემი“.
ერთ-ერთ ინტერვიუში სებასტიანმა განაცხადა, რომ ხუან პაბლო ესკობარად დარჩენა მხოლოდ იმიტომ აღარ სურდა, რომ ცოცხალი გადარჩენილიყო.
მაროკინი ყვება, რომ პაბლოს გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებს საკუთარი სახელებით თვითმფრინავის ბილეთების შეძენაც კი არ შეეძლოთ. თავშესაფრისთვის რამდენიმე ქვეყანას მიმართეს, დახმარება სთხოვეს ვატიკანსაც, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ გვარის შეცვლა ერთადერთი იმედი შეიძლებოდა, ყოფილიყო.
მაროკინის თქმით, ბავშვობიდან იცოდა, რომ მისი მამა კრიმინალი იყო.
„შვიდი წლის ვიყავი, როდესაც მითხრა - „მე ბანდიტი ვარ, ფულს ასე ვშოულობ“, - იხსენებს სებასტიანი.
ნარკობარონის შვილმა ცხოვრების სრულიად განსხვავებული გზა აირჩია, ოჯახური ბიზნესის გაგრძელებაზე უარი თქვა. მოროკინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, ხშირად გამოდის სიტყვით, საუბრობს ნარკოპოლიტიკის რეფორმებსა და ძალადობის პრევენციაზე. 1999 წელს სებასტიანი შეხვდა იუსტიციის მინისტრის როდრიგო ლარასა და კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ლუის კარლოს გალანის შვილებს. მათი მამები, სავარაუდოდ, სწორედ პაბლო ესკობარმა მოკლა. სებასტიანმა მამის ნაცვლად ოჯახის სახელით მათ ბოდიში მოუხადა.
მაროკინის თქმით, ძალიან გაუკვირდა, როდესაც მამის მიერ მოკლული ადამიანების შვილები შეხვედრას დათანხმდნენ.
„მათ მითხრეს, რომ მეც პაბლო ესკობარის მსხვერპლი ვიყავი. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა. თუმცა, თუ მე მსხვერპლი ვარ, ამ შემთხვევაშიც კი არ ვიმსახურებ კოლუმბიელებისგან რაიმე სიმპათიას,“ - აღნიშნავს სებასტიანი.
მაროკინი 17 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მას ნათლად ახსოვს პაბლო ესკობარის ცხოვრება, მისი მტრები. თუმცა ნარკობარონის ქალიშვილის, სანტოსის ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა.
პაბლო რომ გარდაიცვალა, სანტოსი 10 წლის იყო. მამის შესახებ მას ძმასთან შედარებით ნაკლები ახსოვს. სანტოსმა არჩია, ნაკლებად ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, შესაბამისად, ესკობარის უმცროსი შვილის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მედიამ შეძლო გაერკვია, რომ სანტოსი ფლობს მამის ქონებას, რომელიც კრიმინალური საქმიანობის გამო არ ჩამოართვეს.
გოგონა 1984 წლის 25 მაისს დაიბადა. მამამ გადაწყვიტა, მანუელას სკოლაში არ ევლო და მასწავლებლები ესკობარებთან სახლში დადიოდნენ.
ესკობარის ქალიშვილს, მამის გარდაცვალებამდე, ნამდვილი პრინცესას ბავშვობა ჰქონდა. პაბლო შვილების ყველა სურვილს ასრულებდა. როდესაც ოჯახს მთებში დამალვა მოუწია, მანუელა რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა.
პაბლო ქალიშვილს დაჰპირდა, რომ მანუელა მისთვის ბოლო შვილი იქნებოდა. სიტყვა რომ არ დაერღვია, ერთ-ერთ საყვარელს, რომელიც ნარკობარონისგან იყო ორსულად, აბორტი გააკეთებინა.
პაბლოს გარდაცვალების შემდეგ კი მანუელას ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დამალვა მოუხდა. სახელი შეიცვალა. არგენტინაში საბოლოოდ დასახლებამდე დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ეკვადორში, პერუში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და მოზამბიკში. მას შემდეგ მანუელაზე ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.