საბერძნეთის ხელისუფლებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტყის ხანძრები ათენთან ახლოს განგებ გააჩინეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა ნიკოს ტოსკასმა განაცხადა.
ხანძრის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა სანაპირო სოფლებში, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 60 დაშავებული, ათობით ადამიანი კი კვლავ იძებნება.
მსხვერპლის დიდი რაოდენობა სანაპირო ზოლთან ახლოს იპოვეს, მათ ზღვამდე მისვლა ვერ მოასწრეს.
ტოსკასმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის კიდევ ერთი კერა ათენთან ახლოს რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლი, მისი თქმით, აქაც განგებ გააჩინეს. მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა გამოძიებას უკვე აქვს ხელმოსაჭიდი მტკიცებულებები - მათ შორის, სატელიტით გადაღებული სურათები.
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ ტრაგედიის მასშტაბებში დიდი როლი ითამაშა არალეგალურმა კონსტრუქციებმა. მისი თქმით, ტყის მასივებს შორის აშენებულმა შენობებმა გასაქცევი გზები დაბლოკა. ხანძრისგან დაზიანებული ტერიტორიების მონახულებისას კამენოსს ადგილობრივი მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ და განუცხადეს, რომ მინისტრმა ისინი მიატოვა. კამენოსმა კი მათ უთხრა, რომ შენობების უმეტესობა ლიცენზიის გარეშეა აშენებული და მსხვერპლის დიდი რაოდენობა უკანონო მშენებლობამაც განაპირობა.
დაკარგულებს შორის არიან 9 წლის ტყუპი გოგონები - ვასილიკი და სოფია ფილიპოპოულოუები, რომლებიც მატიში ხანძრის დროს ბებიასთან და პაპასთან ერთად იმყოფებოდნენ.