გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმონოშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება გასულ წელთან შედარებით რამდენიმე დღით დაგვიანდება.
ამის შესახებ მიმინოშვილის მიერ აბიტურიენტებისთვის გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი. მისი თქმით, შედეგების გამოცხადების გადავადება გრაფიკის მცირედ ცვლილებას უკავშირდება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დროს მოხდა.
მაია მიმინოშვილის განცხადებით, პირველადი შედეგების გამოცხადება სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება.
“გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი საგამოცდო პროცესი, რომელიც ფიზიკის გამოცდით დასრულდა. მიმდინარეობს ნამუშევრების გასწორება აქტიურად და ყველანი მოუთმენლად ველოდებით, როდის გამოცხადდება შედეგები. წელს იძულების წესით შევიტანეთ რამდენიმე ცვლილება, საჭირო გახდა განრიგის შეცვლა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორის ნაცვლად, 4 დღე მიმდინარეობდა. გამოცდებმა კარგად ჩაიარა, მცირე დარღვევებით. იყო ცალკეული შემთხვევა, როცა აპლიკანტი წესების დარღვევით გამოცხადდა გამოცდაზე. იყო მინიმალური რაოდენობა აბიტურიენტების, რომელიც არ გამოცხადდა გამოცდაზე და აქედან გამომდინარე, მთელი ამ საგამოცდო პროცესით ძალიან კმაყოფილი ვარ. გასწორების პროცესი აქტიურად დაიწყო, თუმცა, ალბათ, ყველას გვესმის, რომ იმის გამო, რომ მცირედით შეიცვალა განრიგი გამოცდების, პირველადი შედეგების გამოცხადებაც რამდენიმე დღით გადაიწევს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და აპლიკანტები ამას გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დროულად დავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადდება. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, შემდგომში ამას მოსდევს უკვე აპელაციის პროცესი, რომლის თარიღმაც შესაძლოა, რამდენიმე დღით გადაიწიოს“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.