"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია", რომელიც საქართველოში სამ ინტეგრირებულ ცემენტის ქარხანას ფლობს, წარმოების შემცირებას, ქარხნების და ღუმელების ეტაპობრივ დახურვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ჰაიდელბერგცემენტი" ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ცემენტის ინდუსტრია საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ეკონომიკური სირთულეების გამო იძულებულები არიან აქტიურად ეძებონ დამატებითი საექსპორტო ბაზრები ჭარბი წარმოების სარეალიზაციოდ. ვალუტის გაუფასურება (აზერბაიჯანული მანათი, თურქული ლირა და ირანული რიალი) ქვეყნების მთავრობებს და ცემენტის მწარმოებლებს აძლევს დამატებით მოტივაციას, გაიტანონ ექსპორტზე რაც შეიძლება მეტი პროდუქცია.
"გარკვეული ქვეყნების ნაწილი აქტიურად ახდენს წარმოების სფეროს სუბსიდირებას საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით. 2014 წლამდე საქართველო ცემენტის ექსპორტიორი ქვეყანა გახლდათ, თუმცა დღესდღეობით მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია, დაბალფასიანი ცემენტის აგრესიული იმპორტის პირობებში ჩვენ საკუთარი ბაზრის დაცვაც კი აღარ შეგვიძლია (25-35%-ით დაბალი ფასი).ირანული ცემენტის მწარმოებლების მიერ კლინკერსა და ცემენტზე დაწესებულმა დემპინგურმა ფასებმა საგრძნობლად შეამცირა პროდუქციის ფასები საქართველოში. ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელი ხდება, რადგან აღნიშნული ფასები წარმოების თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ირანული კლინკერის იმპორტზე დააწესა იმპორტის გადასახადი ტონაზე 70 აშშ დოლარის ოდენობით, ირანული კლინკერის რეალიზაცია აზერბაიჯანში შეუძლებელი გახდა, ამას დაემატა ირანისთვის დაწესებული იმპორტის შეზღუდვები უამრავ სხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ირანულმა კომპანიებმა მთელი ყურადღება საქართველოზე მომართეს, რომლის ქართულ ბაზარზე შეღწევა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი. ყოველივე ამან საქართველოს ცემენტის ინდუსტრიაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ჰაიდელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიას ერთი კვირის წინ კლინკერის წარმოებისთვის განკუთვნილი მომუშავე 5 ღუმელიდან ერთის გაჩერება მოუხდა (ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დემპინგური ფასების გამო რუსთავში უკვე 2 ღუმელი გაჩერდა და კლინკერის არსებული 7 ღუმელიდან ახლა მხოლოდ 4 მუშაობს). კლინკერის შემცირებული წარმოება იწვევს კირქვის ნაკლებ საჭიროებას, ამიტომ ჰაიდელბერგცემენტი იძულებული გახდა გასულ კვირას დედოფლისწყაროს კირქვის კარიერზე მომუშავე პერსონალის ერთი ცვლაც შეემცირებინა.ბოლო პერიოდში ჰაიდელბერგცემენტის გაყიდვების საგრძნობლად შემცირების და ირანული ცემენტის დემპინგურ ფასად გაყიდვების ზრდის გამო, კომპანიის ოპერირება კიდევ უფრო შეფერხდა. მომდევნო ღუმელის გაჩერება უკვე კასპში, 1 აგვისტოს იგეგმება. კასპის ახალი საწარმოო ხაზიც კი (რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყებს ოპერირებას და მასში კომპანია 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს) ვერ გაუწევს დემპინგურ ფასებს კონკურენციას.
ბევრ თვლასაც არ აქვს აზრი, რადგან შუძლებელია კონკურენცია გაუწიო საკმაოდ მაღალი წილით სუბსიდირებულ პროდუქციას, თან როცა მათი მიზანი არა ბიზნესიდან მოგების მიღებაა, არამედ მყარ ვალუტაზე წვდომა (ა.შ.შ. დოლარი). მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოც კი ვერ იქნება ამ სიტუაციაში კონკურენტუნარიანი. თუ აღნიშნული პრაქტიკა არ შეჩერდება, საქართველოში ცემენტის ინდუსტრია ნამდვილად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ასევე მოყვება ნახშირის ინდუსტრია და სხვა ყველა ბიზნესი რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცემენტის წარმოებისთვის კომპანია ჰაიდელბერგცემენტი ტყიბულის ქვანახშირის წარმოების 90%-ზე მეტს მოიხმარს. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ტყიბულის ქვანახშირის საბადო, წინა კვირას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ისევ დაიწყებს მუშაობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. თუმცა, საკითხავია რამდენ ქვანახშირს შეიძენს ჰაიდელბერგცემენტი ტყიბულის საწარმოდან, რადგან ღუმელების გაჩერებასთან ერთად კომპანია იძულებული ხდება სულ უფრო ცოტა ნედლეული მოიხმაროს.აღნიშნული პრობლემას მარტო ბიზნესი ვერ გაუმკლავდება - საჭიროა ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი გადადგამს საჭირო ნაბიჯებს (ანტი დემპინგური კანონმდებლობა, მსოფლიო სავჭრო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული დაბალანსების და დაცვის ღონისძიებები, იმპორტის გადასახადი და ხარისხის კონტროლი საზღვრებზე), თუ რათქმაუნდა გვსურს შევინარჩუნოთ საქართველოში ცემენტის ინდუსტრია, რომელიც პირდაპირი წესით 1300-ზე მეტ ადამიანს, ხოლო არაპირდაპირ 5 000 ოჯახს ასაქმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.დიდი ხიფათის შემცველია ის ფაქტიც, რომ იმპორტირებული ცემენტის და კლინკერის ხარისხის შემოწმება საქართველოში არავის არასდროს მოუხდენია. მისი შემოტანა და მოხმარება ჩვეულებრივ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ხდება და არავინ იცის რამდენად კარგი ან ცუდი ხარისხისაა.
ის რაც წინა წლებში ცემენტის ხარისხის შემოწმებამ აჩვენა არის, რომ საქართველოში რეალიზებული ცემენტის ძალიან მცირე ნაწილი აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს, შემოწმებული ცემენტის ნიმუშების 3/4-ი ძალიან შორსაა მათ შეფუთვასა თუ სერტიფიკატზე მითითებული ხარისხისგან. ამ ფაქტს ადასტურებს საქართველოს ცემენტის ასოციაციაც, რომელიც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიის მეშვეობით ბაზარზე არსებული ცემენტის ე.წ. „ბრმა“/ფარულ ტესტირებას ახდენს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო სეისმურად აქტიური რეგიონია და სამშენებლო სფეროში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ჩვენი მიზანია უსაფრთხო და მაღალი ხარისხის გზატკეცილების, კაშხლების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, უკეთესი სავაჭრო ბალანსი და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მსგავსად", - აღნიშნულია "ჰაიდელბერგცემენტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.