დღეს ჟურნალისტ გიორგი სანაიას 43 წელი შეუსრულდებოდა. ჟურნალისტის გარდაცვალების მეჩვიდმეტე წლისთავს სოციალურ ქსელებში ოჯახის წევრები, ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან:
ხათუნა ჩხაიძე (გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლე):
17 წელი გიოს გარეშე...
სანდრო სანაია (შვილი):
17 წლის წინ ბოროტება ვნახე. ეშმაკმა, მეც კი არაფერშუაში ვარო, არადა, ხომ იცი, ვგავართ ერთმანეთსო. სულ ასე მეუბნება. ეს ყველაფერი ცრუ სამოთხეში. 26 წლამდე დღითიდღე უფრო ცოტა მაშორებს.
ნიკოლოზ ონელი, ტელე-პროდიუსერი:
17... ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...
სახლიდან რუსმა ოკუპანტებმა გამოაგდეს... სხვისი სახლიდან გაასვენეს... მერე სიონი... 26... ყველაფერი მოასწრო... "თბილისელი" არ იყო... ბევრი ვერ ჯობდა თბილისელობაში... დიპლომი არ ჰქონდა, არც უმაღლესი განათლება... არაფერი შეშლია... არც ძმობაში, არც ძმაკაცობაში... ძმა იყო. ძმაკაცი. კარგი კაცი - ნამდვილი... უყვარდა და ტკიოდა... ომშიც იყო... ჰო მართლა დაცვა არ დაჰყვებოდა, ეგეთი "სვეტიც" არ იყო... ერთი ნივა ჰყავდა მექანიკა... უბრალო იყო, ვარსკვლავი კი არა უბრალო... ამიტომ იყო მაგარი... მაგარი რომ იყო იმიტომ ესროლეს... ასე მარტივად, აიღეს და ესროლეს... არც არავინ დამუქრებია და არც არავის დამუქრებია... უბრალოდ მაგარი იყო.. ამიტომაც ესროლეს... მაგარი... მის თაობაში, ჩვენ თაობაში, ყველაზე მაგარი... უხმაურო და ხმაურიანი... დღემდე ასეა... მერე რა, რომ თეთრ მარმარილოზე "დარჩა" მისი სახელი... ისე მოხდა, რომ... ისინი აღარ არიან... მტერსაც არ ვუსურვებ... ისე მოხდა რომ... დაცვა არ ჰყოლია... ისე, ნივით დადიოდა... 17... წელი გასულა... აიღეს და ესროლეს... გიორგი მოკლეს... გიორგი სანაია...
ლია ტოკლიკიშვილი, ჟურნალისტი:
ძალიან მიყვარდა ეს ბიჭი და ის წლები, რომლებიც მასთან და სხვა მეგობრებთან ერთად გავატარე "7 დღეში". მისი მკვლელობის ნამდვილი მიზეზის ხმამაღლა სათქმელად კიდევ ბევრ ადგილს და საშუალებას გამოვიყენებ. ამას შევპირდი გიოს იმ 26 ივლისს და ახლაც ამას ვპირდები. გიო!
ლელა ჯღამაძე, მეგობარი:
გიო გიო გიო... მოუშუშებელი ჭრილობა ხარ!!! 1993 წელია... თბილისში კომენდატის საათია და საღამოს 11 საათის მერე მოძრაობა გაჩერებულია... მხოლოდ ტანკები და სამხედროები ავტომატ გადაკიდებულები დადიან... მე, გიორგი სანაია და დავით ნინიკაშვილი მეგობარ, ნელი მჟავანაძესთან ვართ სახლში. ეს სახლი კი ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის კუთხეში მდებარეობდა.
ღამის 2საათზე, მე, გიომ და დათომ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ფეხით, ჯერ ვერაზე (დამტოვებდნენ მე) და მერე სოლოლაკში ავიდოდნენ... სამივეს გვქონდა საბუთი რო ჟურნალისტები ვიყავით და რატომღაც გადავწყვიტეთ რომ ჩვენთვის გზა ხსნილი იყო. დეტალებში არ მოვყვები, რა კურიოზები გადაგვხდა იმ ღამეს, მაგრამ ამ ერთს გავიხსენებ. "სიკვდილს გადავრჩით სამივე" სიცილით ვთქვი მე ვერაზე სახლთან მოსულმა.... გაეცინა გიოს, ჩამიხუტა გულში და ასე გვითხრა მე და დათოს: " მე ისეთ ასაკში მოვკვდები ჩემი სათქმელით ხალხს რო ძალიან ვეყვარები და ვერიკო ანჯაფარიძესნაირად ზღვა ხალხი იქნება ჩემ გასვენებაზეო" ასე რომ მანამდე ჩემთან ერთად ნურაფრის ნუ გეშინიაო. სამივემ გულიანად გადავიხარხარეთ...
და ზუსტად 8 წლის მერე 2001 წლის 26 ივლისს, შენი სიტყვები ახდა, გიო!!! მთელმა საქართველომ დაგიტირა... მართლა ზღვა ხალხი იყო... და 17 წელი გავიდა რაც აღარახარ, მაგრამ ყველას მთელ საქართველოს ახსოვხარ!!
გიორგი სანაიას საიდუმლოებით მოცული მკვლელობიდან 17 წელი გავიდა. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი "კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.
ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.
მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.