ავტორი:

"მსოფლიოს პოზიცია ასეთია: დაიცვან ქალები ამ დაავადებისგან" - ის, რაც გაფანტული სკლეროზის შესახებ აქამდე არ იცოდით

"მსოფლიოს პოზიცია ასეთია: დაიცვან ქალები ამ დაავადებისგან" - ის, რაც გაფანტული სკლეროზის შესახებ აქამდე არ იცოდით

გაფანტული სკლეროზი - თითქოს ყველაფერი ნატელია, ამ ორ სიტყვაში ყელაფერი იშიფრება, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. უმეტესობამ არაფერი იცის ამ დაავადების შესახებ. რეალურად რას გულისხმობს გაფანტული სკლეროზი.

როგორ ვლინდება ის, საქართველოში ამ დაავადებით რამდენი პაციენტია დაფიქსირებული, შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა - ამ საკითხებზე ნევროლოგი, პროფესორი, თსუ-ს კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა ჯანელიძე გვესაუბრება:

- გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის ანთებითი, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც უმეტესად 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებში იწყება. თუმცა შესაძლებელია, უფრო ადრეც შეგვხვდეს და უფრო მერეც. ეს დაავადება ორნახევარჯერ ხშირად ქალბატონებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. ძირითადად შეტევითი ხასიათი აქვს, რაც გულისხმობს ან მხედველობის დაბინდვას, ან ხელ-ფეხის გაჩერებას, დაბუჟებას, კოორდინაციის დარღვევას.

შეტევა 2-3 კვირა გრძელდება და შეიძლება, თავისით, ყოველგვარი მკურნალობის გარეშეც გაიაროს. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი შეტევა მეორდება და საბოლოოდ თუ მათი სიხშირე გარკვეულ ზღვარზე მეტია, ისინი უკვე ქრონიკული უნარშეზღუდულობის განვითარებას იწვევს... იშვიათად კი ყოველგვარი შეტევის გარეშეც იწყება და ნელ-ნელა პროგრესირებს, მაგრამ ასეთი შემთხვევა 20%-მდეა.

- გაფანტული სკლეროზი ადამიანების უმეტესობას ხშირად არასწორად ესმის, რადგან დასახელებაში ფიგურირებს სიტყვა - "სკლეროზი", ამიტომ ბევრს მეხსიერების დაავადება ჰგონია...

- კი, ასე ჰგონიათ, რაც არ არის სწორი და არანაირ კავშირში არ აქვს მეხსიერებასთან. სკლეროზი, ასაკობრივი სისხლძარღვოვანი დაზიანებაა, რასაც ხალხურად სკლეროზს ეძახიან. გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის ანთებითი ხასიათის დაავადებაა, ოღონდ, იმუნური ანთება, რაც ვიმეორებ, ახალგაზრდა ქალბატონებს ემართებათ, რომლებიც შვილოსნობის აქტიურ პერიოდში, ანუ რეპროდუქციულ ასაკში არიან. დაავადებულთა შორის, მცირე რაოდენობით, მამაკაცებიც არიან. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ საქართველოში დაახლოებით, 1.200-მდე ამ დაავადების მქონე პაციენტი უნდა იყოს.

- რა იწვევს გაფანტულ სკლეროზს?

- კონკრეტული მიზეზი არავინ იცის. ეს არის, როგორც ვთქვი, იმუნური ანთება, რომელიც გარკვეულად შეიძლება პროვოცირებული იყოს ვირუსული ინფექციით, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ შეხედულებაა. გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის შიგნით მიმდინარე იმუნური ანთებაა, ან გარკვეული ტიპის ქსოვილის დაზიანება. მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას, მაგალითისთვის, რევმატიზმი ავტოიმუნური დაავადებაა, ასევე წითელი მგლურა - ამ ტიპისაა გაფანტული სკლეროზიც. ეს ნერვული სისტემის ანთება ბანალურად, ტემპერატურის მომატებით, ლეიკოციტოზით არ ვლინდება, რაც ამა თუ იმ ანთებას მეტ-ნაკლებად ახასიათებს. გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის შიგნით განვითარებული იმუნური ანთებაა.

- ე.ი. ეს არის ავტოიმუნური დაავადება...

- დიახ, დღეს ლაპარაკი სწორედ ამაზეა, რომ გაფანტული სკლეროზი ავტოიმუნური დაავადებაა, როცა საკუთარ ანტიგენებს ანტისხეულები ებრძვის. ასეთი ანტიგენია მიელინი, ანუ მისი გარსი ნერვულ ბოჭკოს გარშემო ეხვევა. ეს გარსი სწორედ იმუნური ანთების შედეგად ვითარდება. ამის შედეგად ნერვული ბოჭკოები ითრგუნება. ეს კი მისი კლინიკური ნიშნების გამომვლენია, ის მეორდება პერიოდულად - წელიწადში 2-ჯერ, ან ორ წელში ორჯერ, ოღონდ, რამდენიმე წლის შემდეგ, გამონაკლისებიც არის, ადამიანი უნარშეზღუდულობამდე მიჰყავს.

- რა არის დაავადების საპრევენციო ღონისძიება?

- დღეს თანამედროვე მედიცინაში გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მიმართულებით დიდი მიმდინარეობაა დაწყებული. არსებობს იმუნომამოდიფიცირებელი პრეპარატები, რომლებიც იმუნურ სისტემაზე ისეთ ზეგავლენას ახდენენ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ამ შეტევების აღმოცენების ალბათობა. ამ პრეპარატების არსებობისთვის, დიდი ძალისხმევა ჩადო განვითარებულმა ქვეყნებმა, რომ ისინი შეექმნათ. ეს მედიკამენტები საქართველოშიცაა დარეგისტრირებული, ცხადია, ყველა არა, თუმცა ის, რაც დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია, არის, მაგრამ მათი ფასი იმდენად მაღალია, რომ გამოყენება ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ეს პეპარატები 1995 წლიდან მედიცინაშია, თანდათანაც შემოდის და მათი სულ ახალი მოდიფიცირებაც ხდება.

ასე რომ, პრეპარატების დიდი არსენალი ქვეყანას გააჩნია, უბრალოდ, როგორც ვთქვი, პაციენტებისთვის მასობრივად ხელმისაწვდომი არაა, თორემ ვიღაცამ, ვისაც ამის საშუალება აქვს, შეიძლება შეიძინოს.

- არც საყოველთაო დაზღვევა ანაზღაურებს?

- სამწუხაროდ, ჩვენი საყოველთაო დაზღვევაც არ ანაზღაურებს. ამიტომ ამაზე ახლა დიდი მეცადინეობა მიმდინარეობს, რომ ქვეყანაში რაღაც მაინც შეიქმნას, რომელიც ამ ტიპის პაციენტებს ამ დაავადების განვითარების პროცესისგან რაღაცნაირად დაიცავს.

- რა ღირს ერთი აბი?

- არის პრეპარატი, რომლის წლის განმავლობაში გამოყენება და 28.000 ლარი ჯდება. შედარებით საწყისი ეტაპისთვის სხვა უფრო ხელმისაწვდომი პრეპარატებიც გამოიყენება, რომლებიც მაგალითად, ერთი თვე 1000-დან 1200 ლარი ღირს.

- რამდენად შველის?

- განვითარებული ქვეყნები ამ პრევენციას მიმართავს. ასევე იკვლევენ იმას, დაავადება რატომ არის აქტუალური ახალგაზრდებში, რატომ მიჰყავს პაციენტი უნარშეზღუდვამდე, რატომ ჭარბობს გაფანტული სკლეროზი ქალებში. ამიტომ მსოფლიოს პოზიცია არის ასეთი - ქალბატონები ამ დაავადებისგან მაქსიმალურად დაიცვან. ყოველ განვითარებულ ქვეყანაში, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ არსებობს სახელმწიფო პროგრამები. მკურნალობა ფინანსურად დახმარებას გულისხმობს, მაგრამ იქ, სადაც პაციენტი უკვე ეტლს არის მიჯაჭვული, ამ პრეპარატების გამოყენება უშედეგოა.

მინდა, ისიც ვთქვა, რომ რეგიონებში გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირება ნაკლებად ხდება, ნაკლებად არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაავადებას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ადგენს, სადაც გაფანტული სკლეროზის სიმპტომატიკა უპრობლემოდ ჩანს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ