საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს ექვს მოქალაქეს სტიქიის შედეგად გამოწვეული მძიმე ვითარებისა და სტრესის ფონზე სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგანგებო ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა.
ელჩის განმარტებით, საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექვს ქართველს დასჭირდა სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა. ზოგი შოკშია, ზოგი განერვიულებულია, ზოგს ხელი აქვს დამწვარი და ა.შ. არცერთი მათგანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ შექმნია. არცერთს არ მოუმართავს საელჩოსთვის იმის თაობაზე, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. ასევე, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზას ვამოწმებთ დღეში ორჯერ, დღის დასაწყისში და დღის ბოლოს. ამ დილის მონაცემებით, ბაზაში ქართველების გვარი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება სტიქიის საერთო ვითარებას, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, გუშინდელი ღამის მდგომარეობით, ცეცხლის მასშტაბი შემცირებული იყო და არ არსებობდა ხანძრის კიდევ უფრო გავრცელების საშუალება.
საბერძნეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ასეულობით მაშველი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს. ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 79 მოქალაქე.