ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე გრიგოლმა ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან ისეთი რამ შეიტყო, რის თქმასაც მხოლოდ წმინდა სინოდის წინაშე აპირებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მეუფე გრიგოლთან ერთად იგი დღეს საპატიმროში არ იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნული მისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა.
"მეუფეებთან ერთად საპატიმროში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ვიცი, მეუფე გრიგოლმა ბრძანა ასეთი რამ: ერთ–ერთ კითხვაზე მამა გიორგისგან ისეთი რამ გავიგე, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდზე ვიტყვიო. ეს მეუფემ იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა“, – აღნიშნა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, მეუფე გრიგოლს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიტყო მამა გიორგისგან.
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. "მატროსოვის ციხეში" დღეს მეუფეებმა მოინახულეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფოთისა და ხობის ეპარქიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საპატიმროში მამა გიორგისთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) იმყოფებოდნენ. ისინი მსჯავრდებულ დეკანოზს ოთხი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.
სასულიერო პირებთან შეხვედრის სურვილი თავად დეკანოზმა მამალაძემ გამოთქვა.