თავიდან თითქოს გეშინია გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია. როცა გემოს გაუგებ, მერე შეჩვევა იცის. ანი ალიბეგაშვილი ფინანსურ სექტორში მოღვაწეობს, ინტერიერის დიზაინთან შეხება არასოდეს ჰქონია, თუმცა ამ სფეროშიც მოსინჯა ძალები და საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა. ყაზბეგში კოტეჯი შეიძინა, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ალბათ დამეთანხმებით, სახლში რომ დადებითი ენერგეტიკა და სიმშვიდე სუფევდეს, საჭიროა კომფორტული გარემო, ლამაზი ხედი და კეთილგანწყობილი მასპინძელი. ანის სახლში ყველა ეს კრიტერიუმი გათვალისწინებულია, რას საოცრად ჰარმონიულ განწყობას ქმნის და იზიდავს სტუმარს.
- პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა ფინანსურ სექტორში ვსაქმიანობ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, პატარა გოგონა. უზომოდ და უთავბოლოდ ვარ შეყვარებული ყაზბეგზე, მთებზე. რამდენიმე კვირის წინ დავასრულე კოტეჯის რემონტი. ჩემს ახლობლებს, მეგობრებს იმდენად მოსწონთ ჩემი სახლი, რომ ძალიან ამაყი და ბედნიერ ვარ ამით. ერთია, როდესაც არსებობს მოლოდინი და მეორეა, როცა ეს მოლოდინი მართლდება.
- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?
- ჩემთვის სახლი ასოცირდება სუნთან, რომელიც ტრიალებს დახურულ სახლში. მთელი წელი, რომ გამოკეტილია სახლი, მერე ჩახვალ გამოხსნი კარებს და ეს სიძველის სუნი დაგეტაკება. ალბათ ეს არის შენი ნამდვილი სახლის სუნი, რომელსაც სხვანაირად, უფრო მძაფრად აღიქვამ.
- როგორც აღნიშნეთ სულ ახლახან დაასრულეთ კოტეჯის რემონტი. რა შეგრძნებაა, როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავთ და ამავე დროს იღებთ უამრავ კომპლიმენტს?
- რა თქმა უნდა საამაყოა. ნამდვილად ძალიან ლამაზი გამოვიდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ყველაფერი მარტომ გავაკეთე, დამხმარის გარეშე. ყველა დეტალი, გადასაფარებლიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული ჩემი ნაფიქრი და დაგეგმილი იყო. ღამეებს ვათენებდი, მაღაზიიდან მაღაზიაში დავდიოდი. ამასთან ერთად ამ საქმეში მთელი ჩემი სამეგობრო იყო ჩართული. ყველა თვალს ადევნებდა, რამდენად რთული ორი თვე გავიარე იმისთვის, რომ ეს შედეგი მქონოდა. მე ვფიქრობ ეს შრომა და წვალება ამად ღირდა. ყველაზე მეტად ვეცადე, რომ სახლში კომფორტი შემექმნა. კოტეჯში, სულ ოთხი საძინებელია. მეორე სართულზე განლაგებულ საძინებლებს აქვთ აივნები. არ მინდოდა, რომ ეს ოთახები მხოლოდ დასაძინებელი სივრცე ყოფილიყო. მინდოდა ყოფილიყო დროის გასატარებელი ადგილი, ლამაზი ხედებით. ოთახებში დავდგი სამეულები. ჩემს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, სავარძელში მოკალათებულებმა მიირთვან ფინჯანი ყავა, ჩაი, ღვინო და დატკბნენ ულამაზესი ხედების ცქერით...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები