ლაოსში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. BBC-ს ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.
ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ატაპეუს პროვინციაში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ექვს სოფელში წყალდიდობაა. 6 600-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.
„შემთხვევას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაკარგულია,“ - აღნიშნავენ ადგილობრივი ჟურნალისტები.
კაშხლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და კომერციული საქმიანობა მომავალი წლიდან უნდა დაეწყო. პროექტის მთავარი მეწილე, ტაილანდური Ratchaburi Electricity Generating Holding აცხადებს, რომ კაშხალი, რომელიც 770 მეტრი სიგრძისა და 16 მეტრი სიმაღლისაა, მთლიანად ჩამოიშალა. მიზეზად კი ხანგრძლივი წვიმების გამო წყლის დონის მატება სახელდება. კოომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხალხი მიმდებარე ტერიტორიებიდან ევაკუირებულია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონგლოუნ სისოულიტმა მთავრობის სხდომები გადადო და შემთხვევის ადგილას გაემგზავრა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომდ აზარალებულებს საკვებით, წყლით, ტანსაცმლითა და საჭირო მედიკამენტებით დაეხმარება.