საბერძნეთში მეორე დღეა ტყის ხანძარი მძვინვარებს. სტიქიურ უბედურებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა ასობით სახლი.
ხანძრის ზონა საბერძნეთის დედაქალაქთან ახლოს მდებარე რეგიონი ატიკა და სოფელი მატია, რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. მატი ცნობილი საკურორტო ზონა და მდიდრების საცხოვრებელი ადგილია.
საბერძნეთში ათასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და არიან ისეთებიც, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობენ. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება და ქართული მხარე მათ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად ეძებს.
ქართველი ემიგრანტები საკუთარი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერენ. „ფეისბუქის“ ჯგუფში „ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში“ ათობით კომენტარი იწერება და ემიგრანტები ერთმანეთის მდგომარეობით ინტერესდებიან:
"ჯოჯოხეთი ტრიალებს საბერძნეთში! საშინლად განვიცდი, ღმერთმა გადმოგვხედოს“
„14 ზაფხულია საბერძნეთის საცოდავობით ვკვდები!“
„საბერძნეთში ხანძარი ხშირია და ადრეც იყო მახსოვს, მაგრამ ასეთი დიდი ხანძარი კარგა ხანია არ ყოფილა. მძიმე სიტუაციაა, ცეცხლთან ერთად, ქარიც ძლიერდება...“
„დაიწვა მთელი მარათონი, პანდელი, ცეცხლი მივიდა პორტორაფაში... 200-ზე მეტი სახლი დაიწვა და ავტომობილი… როდის ჩააქრობენ არავინ იცის... ყველა ესენი მდიდრების უბანია, საოცარი სახლები დაიწვა. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომელმაც ბევრ გაჭირვებულს კარი გაგვიღო და ახლა ამ წუთებშია,“ - წერს ემიგრანტი ნინა კლდიაშვილი.
“სახლებს მოედო ცეცხლი და ვერ აქრობენ, ღმერთის ანაბარადაა მიტოვებული, არ ყავთ საკმარისი რაოდენობის მანქანები... საუბედუროდ, ხალხიც დაიწვა. ერთ სახლში 28 მკვდარი იპოვესო. 60-ზე მეტს ამბობენ მკვდარს და ბევრი არ ჩანს... ვარაუდობენ, რომ სახლებში დაიწვა ხალხი. საავადმყოფოებში 150-ზე მეტია მიყვანილი. ღმერთო, რატომ დაუშვი ასეთი დიდი უბედურება?" - წერენ ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში.