ყოველწლიურად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადგენს თუ რამდენი ადამიანი მიიღებს თავშესაფარს ქვეყანაში. გთავაზობთ "ამერიკის ხმის" სტატიას იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელი ადამიანი.
აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ:
1. სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,
2. სამშობლოში იდევნება - რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების თუ რომელიმე სოციალური ჯგუფის (მაგალითად, სექსუალური უმცირესობა) წევრობისთვის
3. საკუთარ ქვეყანაში მთავრობა დევნის ან ვერ ახერხებს მის დაცვას.
შეუძლია თუ არა მთავრობას თავშესაფარზე უარის თქმა?
მთავრობას შეუძლია თავშესაფარზე უარი უთხრას იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ვერ შეძლებს სამი პირობიდან რომელიმეს დასაბუთებას, თუ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა, ან თუკი დაასკვნის, რომ აპლიკანტს საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ შეუძლია ცხოვრების გაგრძელება.
შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, სოციალურ ჯგუფში არ შედიან ადამიანები, ვინც თავშესაფარს ოჯახური ძალადობის საფუძველზე ეძებს. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მთავრობისგან ან ძალებისგან, რომლებსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს.
რა შემთხვევაში შეიძლება თავშესაფრის მოთხოვნა გაუქმდეს?
თავშესაფრის მოთხოვნა უქმდება, თუკი თავშესაფრის მაძიებელი მოთხოვნას არ შეავსებს შეერთებულ შტატბში ჩასვლიდან ერთ წელიწადში, თუ მონაწილეობდა სხვა ადამიანის ან ადამიანების ჯგუფის დევნაში, თუ ჩადენილი აქვს დანაშაული და საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის.
თავშესაფრის მისაღებად, აპლიკანტებს, ზოგჯერ ხუთ წლამდე ლოდინიც უწევთ.
რა განსხვავებაა თავშესაფრის მოთხოვნასა და ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნას შორის?
შეერთებულ შტატებში ლტოლვილის სტატუსით ჩასვლის მსურველები აპლიკაციას აშშ-ში ჩასვლამდე ავსებენ და მხოლოდ ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩადიან ქვეყანაში.
თავშესაფრის მაძიებლები ჯერ შეერთებულ შტატებში ჩადიან, შემდეგ აკეთებენ განაცხადს და ელოდებიან პასუხს. თავშესაფრის მოთხოვნისთვის მნიშვნელობა არ აქვს აპლიკანტი ქვეყანაში ლეგალურად ჩავიდა თუ არალეგალურად.
რას მოიცავს პროცესი თავშესაფრის მოთხოვნიდან მის მიღებამდე?
აპლიკანტმა უნდა შეავსოს 12-გვერდიანი კითხვარი ინგლისურ ენაზე. თუ აპლიკანტთან ერთად თავშესაფარს მისი ოჯახის სხვა წევრებიც ეძებენ, ივსება დამატებითი ფორმები და საჭიროა ოჯახის წევრების ფოტოები. სამშობლოში არსებული საფრთხის დასასაბუთებლად, საჭიროა დამატებითი დოკუმენტები. აპლიკანტისგან იღებენ თითის ანაბეჭდებს და სხვა ბიომეტრულ მონაცემებს. აპლიკანტს შეუძლია აიყვანოს იურისტი, თუმცა იურიდიული დახმარების ხარჯები თვითონ უნდა დაფაროს.