საბერძნეთში ტყეები იწვის, „ბიბისის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანია გარდაცვლილი. მთავრობა საერთაშორისო დახმარების მოლოდინშია.
ცეცხლის ალს ასობით მეხანძრე ებრძვის, ათენთან ახლოს ხალხს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.
მაშველები ახლა 10 ტურისტს ეძებენ, რომლებიც ხანძარს ნავით გაექცნენ. პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რაც კი შესაძლებელია.
ციპრასმა გააუქმა დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი ბოსნიაში. მეხანძრეები შექმნილ მდგომარეობას „ძალიან რთულს“ უწოდებენ.
გარდაცვლილთა უმეტესობა ზღვისპირა კურორტ მატიში ემსხვერპლა ხანძარს. კურორტი ათენიდან 40 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.
დაშავებულთა რაოდენობამ 104 ადამიანს გადააჭარბა, 11-ს სხეულის მძიმე დაზიანება აქვს. დაშავებულთა შორის 16 ბავშვია.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს დაზიანებული შენობები, კვამლი, რომელიც მაღლა ცაში ადის და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ცეცხლს მანქანებით გაექცნენ.
ნახეთ ვიდეო : საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთ ღამეში 24 ადამიანი ემსხვერპლა: მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს
იმ დასახლებებში მცხოვრებმა ადამიანებმა, სადაც ხანძარი ყველაზე ძლიერია, თავს ზღვაში შესვლით უშველეს.
„მადლობა ღმერთს, ზღვა ახლოს იყო, გავრბოდით და ცეცხლი უკან მოგვდევდა. ზურგი დაგვეწვა, მოვასწარით წყალში შესვლა,“ - ამბობს „ბიბისისთან“ მატის მცხოვრები კოსტას ლაგანოსი.
მთავრობამ ვერტმფრენებითა და მეხანძრეების დამატებითი ძალით დასახმარებლად უკვე მიმართა ევროპის სხვა ქვეყნებს.
გუშინ დილით ათენთან ახლოს მდებარე სანაპირო ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდეს, დაეტოვებინათ სახლები, რადგან ცეცხლი უკონტროლოდ ვრცელდებოდა. საბავშვო ბანაკებიდან ასობით მცირეწლოვანის ევაკუაცია განხორციელდა.