ყველა ცდილობს, მისი წვეულება დაუვიწყარი იყოს. თუმცა ეს მარტივი საქმე ნამდვილად არაა. კარგი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამ საქმეში გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ივენთ კომპანიებისა და ივენთ მენეჯერების მომსახურება. გამორჩეული ღონისძიებების დაგეგმვით ცნობილია კომპანია Bloom Events.
როგორი უნდა იყოს წვეულება, რომ მერე მასზე ბევრი ილაპარაკონ და არასდროს დაავიწყდეთ? - კითხვებით Bloom Event-ის ივენთების მენეჯერს ინგა ფირცხალაიშვილს მივმართეთ.
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც წვეულების დაგეგმვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ?
- პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი, რა არის ივენთის მიზეზი - ეს საჭიროა იმისთვის, რომ წვეულება შინაარსიანი და საინტერესო გამოვიდეს და უბრალო თავყრილობადარ იქცეს. აუცილებლად უნდა განისაზღვროს სამიზნე აუდიტორია - ვისი მოწვევა გსურთ, ვის გინდათ, რომ მოაწონოთ თავი და ის, თუ რა მესიჯის მიტანა გინდათ მათთან. როდესაც ზემოთხსენებული ორი საკითხი ჩამოყალიბებულია, იწყება ეტაპი, რომელიც მოითხოვს ბრეინშტორმინგს, გუნდურ ფიქრს და იდეების გენერირებას, რის შედეგადაც იქმნება აუდიტორიაზე მორგებული კრეატივი და ივენთის პროგრამა. იფიქრეთ ივენთის სახელზეც და ჰეშთაგებზეც, თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხომ უკუკავშირის მიღებაა, სახელის და ჰეშთაგების გარეშე ივენთის შემდგომი აქტიურობა - სტუმრების მიერ ფოტოების გავრცელება სოციალურ ქსელში და მედიაგაშუქება გაფანტული და არაიდენტიფიცირებული იქნება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოწვევის ფორმას. ექსკლუზიურად გაგზავნილი ორიგინალური მოსაწვევი წინასწარ იწვევს ხარისხის მოლოდინს, დადებით განწყობას და ინტრიგას. ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბომონდის და ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის ლიერაკის ერთობლივი ღონისძიების მოსაწვევი - ნიღბები, რომელმაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. წვეულების წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული ღონისძიების წამყვანზე. წინასწარ გაიარეთ რეპეტიცია ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ პირთან ერთად. ზუსტად უნდა მოხდეს ფუნქციების გაწერა და გადანაწილება. გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და იმისთვის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, აუცილებლად იფიქრეთ გეგმა „ბ“-ზეც.
- რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ წვეულების დაგეგმვა მივანდოთ პროფესიონალებს და თავად არ გავაკეთოთ ეს?
- წვეულების ორგანიზება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სულ მცირე გაუთვალისწინებელმა დეტალმა შეიძლება გააფუჭოს ივენთი და გაწეული შრომა წყალში ჩაყაროს. აღნიშნული რისკფაქტორები მინიმუმამდე არის დაყვანილი იმ შემთხვევაში, თუ საქმეს აბარებ პროფესიონალ გუნდს, რომელიც დროში გაწერილად და თანმიმდევრულად მოქმედებს. უმჯობესია თქვენი წვეულება ჩააბაროთ კომპანიას, რომელსაც არაერთი ივენთი აქვს ორგანიზებული, უთანამშრომლია სხვადასხვა ტიპის ბრენდთან, გამასპინძლებია სხვადასხვა კატეგორიის აუდიტორიას, იცის, რა მოსწონს სტუმრებს, სწავლობს შეცდომებზე და ითვალისწინებს მათ მომავალ ივენთებზე.
აღსანიშნავია ღონისძების ფინანსური მხარეც. ივენთ კომპანიასთან თანამშრომლობით, თქვენი ღონისძიების დაგეგმვას უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ. წარმატებულ ივენთ კომპანიას მრავალჯერადი თანამშრომლობის საფუძველზე, ყოველთვის უფრო დაბალ ფასად შეუძლია მიიღოს მუსიკალური ბენდის, ღონისძიების წამყვანის და სხვა სახის მომსახურება, ვიდრე ამას ინდივიდუალური შეკვეთის საფუძველზე შეძლებთ.
- თავად რატომ დაინტერესდით წვეულებების დაგეგმვით?
- ეს არის საქმე, რომელიც მრავალფეროვანია და არასდროს იქცევა რუტინად, საშუალებას გაძლევს გქონდეს კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიასთან, ხალხთან. მოკლე დროში მიიღო გაწეული შრომის შედეგი და იამაყო ამით. ეს არის საქმე, რომელიც, მართალია, არის სტრესული, მოითხოვს დროს და არასტანდარტულ გრაფიკს, მაგრამ წარმატებული წვეულება მთლიანად გავიწყებს დაღლილობას და მზად ხარ, შექმნა კიდევ უფრო უკეთესი და გადალახო ახალი გამოწვევა.
- რომელი იყო თქვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პირველი ღონისძიება Bloom Events-ის ფარგლებში?
- ჩემი პირველი ღონისძიება Bloom Events-შიიყო ჟურნალ „ბომონდის“ 20 წლის იუბილე, რომელიც „თბილისი მერიოტის“ ლობიში გაიმართა. წვეულებაზე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი კოლექცია, ძველი თაობის მოდელებმა წარადგინეს. სწორად შერჩეულმა ლოკაციამ და შინაარსმა წვეულება ძალიან სანახაობრივი, დახვეწილი და „ბომონდური“ გახადა.
ზოგადად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ღონისძიებები არასდროს ჰგავდეს ერთმანეთს, ლოკაციაც კი ისეთი შევარჩიოთ, რომელიც არ არის წვეულებებით „გაცვეთილი“. სწორედ ამიტომ ირჩევენ ჩვენთან მრავალჯერად თანამშრომლობას ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა, "ლიერაკი“, „ნუქსი“, „ვალმარკი“, „პანდორა“ და ბევრი სხვა.
- რომელია თქვენი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება?
- არაერთი გახმაურებული ღონისძიების ავტორია Bloom Events, მათ შორის არის „მარკეტინგ ფორუმი“, ქართული ღვინის ფესტივალი შარდენზე. ბოლოდროინდელი ივენებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ „რადიო პალიტრის“ საიუბილეო ღონისძიებას ბათუმში „გემ ბათუმზე“. ეს იყო ულამაზესი სანახაობა. გემი ზუსტად მაშინ დაიძრა, როდესაც ჰორიზონტზე მზე ოქროსფრად ჩადიოდა ზღვაში. საღამო სავსე იყო სურპრიზებით, შესანიშნავი მუსიკალური გაფორმებით და უგემრიელესი ფურშეტით. ღონისძიების ერთ ერთმა სტუმარმა ლაშა ღლონტმა წვეულება შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „რადიო პალიტრამ“ ჩემი ოცნებების პალიტრა მომიწყო დღეს აქ - გემზე“. ეს იყო წვეულება, რომელიც ვფიქრობ, რომ ზუსტად იყო მიზანზე მორგებული და „რადიო პალიტრის“ სავიზიტო ბარათად იქცა აჭარაში.
- როგორი ღონისძიების გაკეთებაზე ოცნებობთ?
- ალბათ, ყველა ივენთ მენეჯერის ოცნებაა, მონაწილეობა მიიღოს ისეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში, როგორიც „ოსკარის“ ან „ემის“ დაჯილდოვებაა. ზოგადად, ჩემთვის წარმატებული ივენთ მენეჯერის მაგალითი Sequoia Productions-ის დამფუძნებელი შერილ ქეჩეტოა, რომელიც უკვე დიდი ხანია „ემის“ დაჯილდოებას უწევს ორგანიზებას. ის ასევე, თანამშრომლობს Warner Bros-თან და ხელმძღვანელობს „ოსკარის“ დაჯილდოების შემდგომ წვეულების - Oscar Governors Ball-ის ორგანიზებას. ვოცნებობ ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზებაზე შერილ ქეჩეტოსთან ერთად.
- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლო მომავალში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს?
- გარისკეთ! ნუ შეგეშინდებათ, გააკეთოთ არასტანდარტული, ისეთი, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. იყავით მაქსიმალურად სტუმრების სიამოვნებაზე ორიენტირებულები, გაეცით საჩუქრები, მოაწყვეთ სიურპრიზები და დატვირთეთ წვეულება სანახაობრივად. თქვენმა წვეულებამ მომდევნო დღეებში სოციალური ქსელები უნდა ააჭრელოს და მასზე დიდხანს უნდა საუბრობდნენ ქალაქში.