ავტორი:

"აქ ნასვამი მძღოლების სასაკლაოა" - აფხაზეთში ავარიების შესამცირებლად გზებზე ჯვრებსა და ხატებს ამონტაჟებენ

"აქ ნასვამი მძღოლების სასაკლაოა" - აფხაზეთში ავარიების შესამცირებლად გზებზე ჯვრებსა და ხატებს ამონტაჟებენ

აფხაზეთში ავტოავარიების შესამცირებლად გულრიფშში, გზატკეცილზე დიდი ზომის ხის ჯვრები დამონტაჟდა. ინიციატივა ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ბესარიონ აპლიას ეკუთვნის. მას სხვა სასულიერო პირებიც ეთანხმებიან.

"სიჩქარეს უამრავი ადამიანი ეწირება. ეს მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ ჩვენ პატარა ერი ვართ და უფრო მეტი დაფიქრება და სიცოცხლის მოფრთხილება გვმართებს... არ შეიძლება წლის განმავლობაში ასამდე ადამიანი ასე უაზროდ იღუპებოდეს. გულრიფშის რაიონში ჯვრები იმიტომ დაიდგა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ სოცოცხლესა და სიკვდილზე, პირჯვარის გადაწერისას გაეხსნათ გონება და ღმერთის მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა და ღმერთმა ქნას, გზაზე ჯვრის დანახვისას სიჩქარეს შეამცირონ და ფრთხილად იარონ... ეს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივაც იყო" - აცხადებს ის.

მისივე თქმით, გულრიფშის ტრასაზე უკვე დაიდგა რამდენიმე ჯვარი, ასევე იგეგმება ხატების დამონტაჟებაც, რომელიც განათდება, რათა გამვლელმა ისინი ღამეც შეამჩნიოს...

ადგილობრივი დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებით, ჯვრების აღმართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად შეამცირებს ეს ავტოავარიებს და ამით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობას.

"არ არის კანონი, სამართალი, სახელმწიფო... გზებზე ნასვამი მძღოლების სასაკლაოა... ან თავად იხოცებიან, ან ქვეითად მოსიარულეებს ხოცავენ. რამდენიმე დღის წინ, გუდაუთაში მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უფრო ადრე, გაგრაში ნასვამმა მძღოლმა დედა-შვილი გაიტანა, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ... რა თქმა უნდა, საქმე ჩაიფარცხა, რადგან მძღოლს პატრონი გამოუჩნდა..." - ასე ეხმაურებიან აფხაზები ახალ ინიციატივას.

სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ აფხაზეთში სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებიც ცხოვრობენ და ეს მათ უფლებებს ლახავს.

"ადამიანებს კანონის მორჩილება უნდა ასწავლო, მაგრამ ამისთვის კანონს ძალა უნდა ჰქონდეს, ჩვენთან კი რა ხდება, არავინ იცის..."- წერენ აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები.

მათ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აპლია პასუხობს:

"ჩვენ არც კი გვიფიქრია ვინმეს გაღიზიანება, არავითარი რელიგიური ქვეტექსი არ ჩაგვიდია, ღმერთი ყველასია და ამ ნაბიჯით, ყველას სიცოცხლის მოფრთხილება გვინდა, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა... ჯვარი სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა და არ არის აუცილებელი, მხოლოდ ეკლესიის თავზე იყოს აღმართული".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი