საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა - ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე 5 წლის ბავშვს, ქალა-ტვინის ოპერაცია გაუკეთდა და ახლა რეაბილიტაციას გადის.
ჰიდროცეფალია, ანუ წყალმანკი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა. დაავადების დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.
როგორც ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, დიაგნოზის გამო ბიჭს სიარული და ჯდომა არ შეეძლო, ოპერაციის შემდეგ კი მას ფეხებში გრძნობა დაუბრუნდა, დაჯდომაც შეძლო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.
5 წლის პაციენტს ნეიროქირურგებმა ოპერაციული ჩარევით სითხე ამოუღეს და ამასთან ერთად, თავის ქალის მოცულობა 32%-ით შეუმცირეს (ჰიდროცეფალიის გამო, ბიჭის თავის ზომა ორჯერ აღემატებოდა ასაკის შესაბამის ნორმას).
გიორგი გეგიას თქმით, მსგავსი ოპერაციები არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათია. ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება. შედეგად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 3D პრინტერის მეშვეობით შეიქმნა ბავშვის თავის ქალის ანალოგი, რომელზეც ნეიროქირურგებმა სატესტო ოპერაცია ჩაატარეს.
ინოვციების და ტექნოლოგიების სააგენტო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მენეჯერი, ივანე ნაზღაიძე განმარტავს, რომ 3D პრინტერით თავის ქალის ანალოგის შექმნა რთული და საპასუხისმგებლო პროცესი იყო, რომელსაც ჯამში 80 საათი დასჭირდა.
ნაზღაიძის თქმით, პროცესი კომპლექსური იყო - ბავშვის თავის ქალის ტომოგრაფიის მოდელი დამუშავდა, დარბილდა, ზედმეტი ნაწილები მოშორდა, დიდი მოცულობის გამო 8 ნაწილად დაიჭრა და ისე დაიბეჭდა. საბოლოოდ, ხელოვნური მოდელიც შეიქმნა.
"3D პრინტერით შექმნილი თავის ქალა გამოიყენეს იმისთვის, რომ ბავშვისთვის გასაკეთებელი ოპერაციის მოდელირება ამ ნიმუშზე მოეხდინათ, რადგან ამ დროს მშვიდად ხარ, არ გეჩქარება, სისხლი არ იღვრება და დარწმუნებული ხარ, რომ რაიმე უბედურება არ მოხდება.
ყველაფერი ნაწილებად დაჭრეს, შემდეგ დააპატარავეს და ააწყეს. მიზანი იყო ის, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა ხელოვნურ თავის ქალაზე, ნახეს, როგორი გამოვიდოდა და შემდეგ ბავშვზე გაიმეორეს პროცედურა“ - აღნიშნა ივანე ნაზღაიძემ.
მისივე თქმით, მოდელის დამზადებას თან ემოციური ფაქტორებიც სდევდა, ამიტომ გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოდელირებული თავის ქალა ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორიც ბავშვის.
"ზუსტ ზომებში დასმა რთული არ იყო, რადგან კომპიუტერული ტომოგრაფიიდან მიღებული მოდელი უკვე ზუსტ ზომაშია. მეტი პრობლემა იყო ფსიქოლოგიური მომენტი, თუნდაც ის, რომ შენზეა დამოკიდებული ბავშვის მდგომარეობა; მერე შედეგი - არ უნდა შეგეშალოს, არ უნდა დაარღვიო არცერთი დეტალი, იმიტომ რომ მაგალითად, ექიმი რომ ჭრის ამოპრინტერებულ ქალას, ის სისქე იყოს, რაც თავის ქალაზეა“, - აღნიშნა ივანე ნაზღაიძემ.
თავის ქალის მოდელის დამზადებისა და მასზე სატესტო სამუშაოების შესრულების შემდეგ, ჯერი რეალურ ოპერაციაზე მიდგა. როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გეგია აღნიშნავს, მთავარ სირთულეს თავის ქალის დაპატარავება წარმოადგენდა, რადგან ბევრ პროცედურასთან იყო დაკავშირებული. ოპერაცია 11 საათი გაგრძელდა. ექიმებისთვის ერთ-ერთ რისკს ისიც წარმოადგენდა, რომ პაციენტს დიდი რაოდენობით სისხლი არ დაეკარგა.
რაც შეეხება ექიმების ემოციურ ფაქტორს, გეგიას თქმით, ნებისმიერ პროცედურას ახლავს გარკვეული განცდები, მაგრამ ოპერაციის დროს ნეიროქირურგს განსაკუთრებული ნერვიულობის მომენტი არ ჰქონია.
"თავის ტვინის შემცირება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და თავის ტვინის ნაწილი შუნტირების ხარჯზე შევამცირეთ, შედეგად, თავის შიგნით არსებულმა მოცულობამ დაიკლო, რისი საშუალებითაც ძვლოვანი ნაწილის ზომა შევამცირეთ. რისკების განსაზღვრაში ხელი მოდელირებულმა თავის ქალამ შემიწყო, ასევე რეანიმაციის გამოცდილმა ჯგუფმა. ინტრაოპერაციულად არასტაბილურობა ან რამე მსგავსი არ გვქონია, ოპერაციამ აბსოლუტურად სტაბილურად ჩაიარა“, - იხსენებს ნეიროქირურგი.
გიორგი გეგიას თქმით, პირველადი დაზიანების გამო, ბავშვს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აქვს და შეძლებს თუ არა სიარულს, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუმცა ოპერაციის პოზიტიური შედეგები, უკვე დადგა.