ტყიბულში, მეშახტეთა აქციაზე ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე მივიდა. მან მეშახტეებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან ჯამბულ ჯაყელთან, რომელმაც განუცხადა, რომ დღეს დაკმაყოფილებული იქნება მეშახტეთა მოთხოვნები და ყველა ის ხელმძღვანელი პირი, რომელთა გადადგომასაც მეშახტეები მოითხოვენ, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან.
შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ მოხდეს შახტის ადმინისტრაციის გათავისუფლება და მათ ადგილას პროფესიული კადრები დაინიშნონ. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, გამოძიებული იქნას შახტში, 2018 წლის 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები დაისაჯონ.