შახტაში დაშავებული მეშახტეებიდან ორის კლინიკიდან გაწერა ხვალ მოხდება, ორი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ერთს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, ხოლო მეორეს მომავალ კვირას ჩაუტარდება.
„ამჟამად ჩვენს კლინიკაში იმყოფება 4 პაციენტი. ორის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ისინი ხვალ დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ორი მძიმე პაციენტი კი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, თუმცა მათ საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდებათ. არის სხვადასხვა ლოკალიზაციის და ფართობის დაზიანებები. ერთ მათგანს რომელსაც 25 პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა-საკუთარი კანის გადანერგვა. მეორე პაციენტთან გვაქვს 50%-იანი დამწვრობა. მასთან ქირურგიულ ჩარევას მომავალ კვირას ვგეგმავთ“, -განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. აქედან 4 დაშავებული დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.