ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა,- ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ბავშვი სწორად იკვებება და მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ნახშირწყლებით, ცილებით, მაშინ ტყვიით ინტოქსიკაცია არ მოხდება.
"ზოგადად ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ტყვიით ინტოქსიკაციას ახასიათებს საშუალო სიმძიმის მოწამვლა, მწვავე მოწამვლა და ქრონიკული მოწამვლა.
მწვავე მოწამვლა უვითარდებათ საბადოს მომპოვებელ თანამშრომლებს ან ნავთობმომპოვებელი ქარხნის მუშებს. მისი დიაგნოზი მარტივად შეიძლება დავსვათ. ტყვიის მწვავე მოწამვლით პაციენტები ხვდებიან სპეციალურ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში და მათ უტარდებათ ე.წ. ხელატური ანუ გამომძევებელი მკურნალობა. ასეთი პაციენტი რამდენიმე დღეში შეიძლება გამოჯანმრთელდეს.
თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა. თუ ბავშვი სწორად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ცილებით, ნახშირწყლებით, მინერალებით, ასეთ შემთხვევაში ტყვიით მოწამვლა პრაქტიკულად არ ვითარდება. იმისათვის, რომ მოხდეს ინტოქსიკაცია, ტყვია უნდა დაუკავშირდეს ჰემოგლობინს, რკინის ნაცვლად უნდა ჩაჯდეს მასში და ამან უნდა გამოიწვიოს მოწამვლა. თუ რკინით არის გაჯერებული ჰემოგლობინი, მაშინ ტყვია იქ ვერ ჩაჯდება,"- განაცხადა თემურ მიქელაძემ.
როგორც პედიატრმა განმარტა, ტყვიით ინტოქსიკაცია ყველაფრიდან შეიძლება მოხდეს, თუმცა ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის. მისივე თქმით, საქართველოში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს.
ტყვია ყოველთვის იყო, ახლაც არის და იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი მაღალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოწამვლა განვითარდება. მთავარია სწორი ნუტრიენტული სტატუსი. ბავშვი უნდა იკვებებოდეს სწორად. საგანგაშო სიტუაცია ქვეყანაში არ არის. პრაქტიკულად ტყვიის მოწამვლის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლიც კი შეიძლება იყოს", - განაცხადა მიქელაძემ.
სექტემბრიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ვიწყებთ ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც ოჯახებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის სისხლში ტყვიის შემცველობას შეისწავლის, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სექტემბრიდან ვიწყებთ მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას, რომელიც ოჯახის ირგვლივ 200 სხვადასხვა ფაქტორს შეისწავლის - დედასთან, მამასთან, ბავშვთან, მათ ქცევასთან, მთლიანად მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს. ამას დაემატა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ტესტიც. ბოლო დროს დაგროვილმა ინფორმაციებმა შექმნა იმის საფუძველი, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამ თემის შესწავლა გადაწყვიტა და მთავრობამ მოგვმართა თხოვნით, რომ ამ ფართომასშტაბიან კვლევაში ასევე მომხდარიყო ბავშვების ტყვიაზე ტესტირებაც. კვლევა ტარდება ქვეყნის ყველა რეგიონში და ჩვენ შევალთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 14 000 ოჯახში. რაც შეეხება ბავშვებს, კვლევაში ჩართული იქნებიან 2-დან 10 წლამდე ბავშვები და ვვარაუდობთ, რომ მათი რაოდენობა 1500-მდე იქნება.
თითო ოჯახში მკვლევარების სტუმრობა დაახლოებით 2 საათამდე გაგრძელდება, რადგან მათ დასჭირდებათ ყველა ფაქტორის ცალ-ცალკე შესწავლა, იქნება ეს დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბავშვის ჯანმრთელობა, მათი ქცევა და ა.შ.", - განაცხადა თამარ უგულავამ.
მისივე თქმით, კითხვარის შევსების გარდა, მოხდება 5 წლამდე ასაკის ბავშვების აწონვა და სიმაღლეში გაზომვა.
„ამის მიხედვით ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, აქვთ თუ არა მათ ნუტრიციული დეფიციტი. მიკროელემენტების დეფიციტმა შესაძლოა მათ წონასა და სიმაღლეში გარკვეული ცვლილებები მოგვცეს. თუ დადგინდა სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, მაშინ იწყება ფიქრი იმაზე, რა არის ამის წყარო. ამის დადგენისთვის არსებობს ატომურ-იზოტოპური მეთოდი, რომელიც მინიშნებას გვაძლევს, საიდან არის ეს ტყვია. მაგალითად, ბენზინიდან, საღებავიდან და ა.შ.", - განაცხადა unicef-ის წარმომადგენელმა.