"2 500 ლარის ზემოთ შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს" - აღნიშნული ინიციატივა სოციალ-დემოკრატებს ეკუთვნის. „განაკვეთები, რომლებზეც ვსაუბრობთ, არის პირობითი და აქ მთავარია ე.წ. პროგრესული დაბეგვრის პრინციპი, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. ჩვენ 2 500 ლარი პირობითად ავიღეთ, თუმცა, რადგან ეს ციფრი დასახელდა მასზე ვისაუბროთ. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ 2 500 ლარამდე საგადასახადო განაკვეთი რჩება იგივე, ანუ 20 %. ამის შემდეგი შემოსავალი კი შესაძლოა, 30 %-ით დაიბეგროს.
მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 3 000 ლარი, მისი 30%-ი ანუ 900 ლარი კი არ უნდა გადაიხადოთ, არამედ 2 500 ლარიდან 20%-ის ანუ 500 ლარის; დარჩენილი 500 ლარიდან კი 30%-ის, ანუ 150 ლარის გადახდა მოგიწევთ, ნაცვლად 100 ლარისა. შესაბამისად, გამოდის, რომ თუ 3000-ლარიანი შემოსავლის მქონე პირები დღეს 20%-იანი დაბეგვრის რეჟიმში 600 ლარს იხდიან, აღნიშნული სქემის თანახმად, მხოლოდ 50 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ,“-განმარტა „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჯოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში.
მისივე თქმით, ამ სისტემის დანერგვის შედეგად ცვლილებას ძირითადად მსხვილი კომპანიების, მათ შორის, ბანკების და ა.შ. ხელმძღვანელები იგრძნობენ.
ამასთან, როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2 500 ლარამდე შემოსავალი საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა (ვინც ხელფასს იღებს) 91%-ს აქვს, 5%-ს - 4-5 ათას ლარამდე, ხოლო ამაზე მაღალი შემოსავალი ასევე 5%-ს აქვს. ამასთან, 1.3%-ს 8 ათას ლარზე მეტი; 0.4%-ს ანუ დაახლოებით, 3 600 ადამიანს კი თვეში 16 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. განაგრძეთ კითხვა