ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს. როდესაც შრომით უსაფრთხოებაზე საუბრობენ, ოდნავ დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ, მართლა იცავენ თუ არა შრომის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ მინდელის შახტში გუშინ დაღუპული მეშახტის, მიხეილ გამეზარდაშვილის შვილმა გიგა გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 მუშასთან ერთად მამამისის სიცოცხლეც ემსხვერპლა, შრომის უსაფრთხოების დარღვევამ გამოიწვია. გიგა გამეზარდაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.
ამასთან, მისივე განმარტებით, გამოსავალი არ არის შახტის დახურვა, ვინაიდან ადგილობრივები სწორედ შახტში მუშაობით არჩენენ ოჯახებს.
„შახტის დახურვაში გამოსავალს ვერ ვხედავ. ხალხს სესხები აქვს. იქ 1 200 ოჯახი მუშაობს და ყველა მათგანი მშიერი რჩება. ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიცლება. ამიტომ ყველაფერს ჯობია, რომ შრომის უსაფრთხოება მოწესრიგდეს. მუშებს ნუ აწვებიან, შეზღუდვები მოუხსნან. მამაჩემი 35 წელიწადი მუშაობდა შახტში. გუშინდელ დღემდე თითიც არ უტკენია, ისეთი გამოცდილება ჰქონდა. რაც მოხდა, ეს ყველაფერი შრომის უსაფრთხოების დარღვევაა, თორემ ასე უბრალოდ არ ხდება. ნახეთ ხელები როგორ აქვს დაკეცილი. უჰაერობის გამო არის მოგუდული. სხვა რა გითხრათ“, - განაცხადა გაგა გამეზარდაშვილმა.
მისივე თქმით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
„თუნდაც ყველაფერი ჩაიფარცხოს, ასეთ რაღაცას ჯერ მარტო ღმერთი არ გაპატიებს. ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს“, - განაცხადა გიგა გამეზარდაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ტრაგედიები რომ არ განმეორდეს, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ზედამხედველობის სამსახური.
ცნობისთვის, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, გუშინ 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.