ქართული წარმოების გაძლიერება და გაზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით აუცილებელია როგორც ბიზნესის აქტივობა, ისე სახელმწიფოს ხელშეწყობა. ადგილობრივი წარმოების გაძლიერებით ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელს.
ქართული წარმოების მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს ერთ-ერთი ახალი საწარმო „მანნა“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა და ქართული ჩაის გადამუშავებას, დაფასოებასა და მის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციას ახდენს. საწარმოში, რომელიც საგურამოში მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
„მანნამ“ ბაზარზე ოპერირება 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მისი პროდუქცია უკვე წარმატებით იყიდება საქართველოს მასშტაბით დიდ ქსელურ მარკეტებში, ასევე, ექსპორტზე გადის აშშ-ში, რუსეთსა და ჩეხეთში. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ისრაელსა და პოლონეთში.
კომპანია ამჟამად 12 სახეობის ორგანულ და არაორგანულ ჩაის აწარმოებს, როგორც ფოთლოვან ჩაის, ასევე ჩაის ერთჯერად პაკეტებში. კლასიკური შავი და მწვანე ჩაის გარდა, „მანნას“ ასორტიმენტში შედის ჩაი სხვადასხვა მცენარეული და ხილის მინარევებით.
პროდუქცია ქართული ნედლეულითაა დამზადებული. კომპანია ნედლეულს დასავლეთ საქართველოში იძენს, სადაც მთისა და ზღვის ჰავა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც ჩაის განსაკუთრებულ არომატსა და გემოვნურ თვისებებს სძენს.
„მანნას“ დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას განმარტებით, კომპანიის მიზანი ქართული კლასიკური ჩაის გემოს აღდგენა და შენარჩუნება, ამასთან ახალი, უნიკალური არომატების შექმნა და მისი ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლისთვის წარდგენაა.
„ჩვენ ვმუშაობთ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ნედლეულითა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით. „მანნას“ პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი და საგემოვნო თვისებები,“- დაამატა ირაკლი ღურჭუმელიამ.
„მანნა“ სურსათის უვნებლობის საერთაშირისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი სერტიფიკატის – ISO 22000-ს მფლობელია. სერტიფიკატის მიღების პროცესი რამდენიმე თვე ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული მასერტიფიცირებელი ორგანო TUV SUD-ის ოფიციალური წარმომადგენლობის დახმარებით, „მანნაში“ დაინერგა საერთაშორისო სტანდარტის სისტემა, რომელიც მოიცავს წაროების ყველა ეტაპს – ნედლეულის შესყიდვას, დახარისხებას, წარმოებისა და სურსათის უვნებლობის პროცესების კონტროლს. საკონტროლო აუდიტი ჩატარდა უშუალოდ TUV SUD-ის აუდიტორების მიერ.
საწარმო, ასევე, კოშერის სერტიფიკატის მფლობელია. კოშერის სერტიფიკატი, ადასტურებს რომ მანნა-ს მიერ წარმოებულ პროდუქტში შემავალი თითოეული ინგრედიენტი და წარმოებაში გამოყენებული დამხმარე საშუალებები არის კოშერი ანუ ვარგისი მოხმარებისთვის (იუდაური რელიგიის მიხედვით). ამასთან, პროდუქტის წარმოების პროცესიც შესაბამისობაშია კოშერის სტანდარტის მოთხოვნებთან, რაც დადასტურებულია კოშერის მასერტიფიცირებელი აუდიტორის მიერ.
მომავალში კომპანია ექსპორტის გაზრდას გეგმავს. საექსპორტო ბაზრების გაზრდაში კომპანიას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ეხმარება. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, 2017 წლის ნოემბერში კიოლნის საერთაშორისო გამოფენას ესწრებოდა, 2018 წლის თებერვალში კი დუბაიში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, განმარტავს ირაკლი ღურჭუმელია.
ჩაის ტრადიციების აღდგენისა და მისი პოპულარობის ზრდის მიზნით, „მანნამ“ ჩაის სალონიც გახსნა. თბილისში, აბაშიძის 44-ში მდებარე სალონში ჩაის მოყვარულებს შეუძლიათ დააგემოვნონ და ისიამოვნონ „მანნას“ მიერ წარმოებული ქართული ჩაის ნაზავებით. კომპანიის კომერციული დირექტორის პაატა მჭედლიშვილის განმარტებით, ჩაის სალონის მისია ქართული ჩაის პოპულარობის ზრდა არის.
„სალონში მყუდრო და სასიამოვნო გარემოა. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია მიირთვას ხარისხიანი ჩაი და ამავდროულად შეხვდეს პარტნიორს საქმეზე სასაუბროდ, ან მეგობრებს დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ეს სალონი ჩვენთვის კარგი საშუალებაა, რომ ქართული ჩაის მივიწყებული პოპულარობა აღვადგინოთ და ხალხს ხელახლა შევაყვაროთ. ამ მიზნით, საწარმო ახლო მომავალში ჩაის უფრო მრავალფეროვან სახეობებს შემოგთავაზებთ, განმარტავს პაატა მჭედლიშვილი.
R