ავტორი:

აშშ-ში 29 წლის რუსი ჯაშუში ქალი დააკავეს

აშშ-ში 29 წლის რუსი ჯაშუში ქალი დააკავეს

ვაშინგტონში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქალი, მარია ბუტინა დააკავეს. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსი ქალი, 2015 წლის დასაწყისში, ერთ-ერთ რუს მაღალჩინოსანთან მუშაობდა, შემდეგ კი, რუსული ბანკის თანამშრომელი გახდა, რომელიც სანქციების ქვეშ იყო.

რუსული მედიის ცნობით, მარია ბუტინას სოციალური ქსელის თავის გვერდზე უწერია, რომ ის არის საერთაშორისო ორგანიზაცია “იარაღის უფლების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ერთ ფოტოზე რუსეთის ბანკის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ალექსანდრ ტორშინისთან არის გადაღებული, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისზეც აშშ-ს სანქციები ვრცელდება.

15 ივლისს ვაშინგტონში დაკავებულ რუსეთის 29 წლის მოქალაქეს “უცხო ქვეყნის სასარგებლოდ” მუშაობაში ადანაშაულებენ. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი საუბრობს იმაზეც, რომ მარია ბუტინას დავალებული ჰქონდა “იმ ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობების აწყობა და განვითარება, რომელთაც ამერიკის პოლიტიკაზე გავლენები აქვთ...” ბუტინას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა, საბოლოო განაჩენს, ხვალ, სასამართლო პროცესის შემდეგ გამოუცხადებენ...

Washington Post-ის ცნობით, აპრილში ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მოქალაქეების საცხოვრებლები გაჩხრიკა, შემდეგ კი მარია ბუტინა ამერიკის დაზვერვის სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.

იარაღით გატაცებული რუსეთის მოქალაქე სამშობლოსა და ამერიკაში ცნობილია, როგორც “იარაღის კანონიერი მფლობელების ინტერესთა დამცველი”. არსებული ინფორმაციით, ის აშშ-ში სტუდენტური ვიზით ცხოვრობს. არც ისე დიდი ხნის წინ დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი და საერთაშორისო ურთიერთობებში მაგისტრის ხარისხი მიიღო. მას წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული ალტაის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი.

2008 წელს მარია ბუტინა ალტაის საზოგადოებრივი პალატის წევრად აირჩიეს და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა. 2011 წელს პროექტ “ერთიანი რუსეთის ახალგაზრდა გვარდიის" გამარჯვებული გახდა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაინტერესებული იყო სპორტით - ცურავდა, მიზანში ისროდა და თამაშობდა ჭადრაკს. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და გერმანულ ენებზე... 2012 წელს სარეკლამო სააგენტო “ანტარესი” დააფუძნა.

დასავლური მედიის ცნობით, “2015-2017 წლებში, ბუტინა მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მუშაობდა, რომლებიც ადრე რუსეთის პარლამენტში დეპუტატები იყვნენ და ამ გზით მოხვდა რუსეთის ცენტრალურ ბანკში მაღალ პოზიციაზე, სადაც ალექსანდრე ტორშინის თანაშემწედ მუშაობდა...”

2016 წლის აგვისტოში, Bloomberg-მა ტორშინი ესპანეთის პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, ტაგანსკის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში ამხილა. სამართალდამცავების თქმით, ტორშინი ჯგუფის ლიდერებს ინსტრუქციებს აძლევდა, როგორ გაეთეთრებინათ ფული ესპანეთის ბანკებისა და უძრავი ქონების მეშვეობით.

სააგენტოს ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ტორშინს “ნათლიმამასა” და “ბოსს” უწოდებდა. თუმცა, РИА Новости-ის ცნობით, ტორშინმა ყველა ბრალდება უარყო. უფრო ადრე, ამერიკული მედია წერდა, რომ ის და ბუტინა ცდილობდნენ ადგილობრივი იარაღის ლობთან “ურთიერთობა მოეგვარებინათ”. საუბარია, ამერიკულ მსროლელთა ასოციაციაზე (NRA). ერთი სიტყვით, 2011 წელს ტორშინი NRA-ს ხელმძღვანელი გახდა.

“სავარაუდოდ, ტორშინის კავშირები, NRA-ს მეშვეობით და ბუტინას დახმარებით, წარმოდგენილი იყო, როგორც მტკიცებულება, რომ ტრამპს, რომელიც იმ წლებში იმ ორგანიზაციის წევრი იყო, სწორედ მისი საშუალებით ჰქონდა რუსეთთან კავშირი, კერძოდ, NRA მხარს უჭერდა ტრამპსა და რესპუბლიკელებს.

ამოღებულია ტორშინის ტვიტერის ჩანაწერები, სადაც ის წერს - "მარია ბუტინა ახლა ამერიკაშია და ტრამპი რეალურად თანამშრომლობს რუსეთთან". მედიის ცნობით, 2015 წლის ივნისში, ბუტინა ჟურნალ National Interest-ში წერდა, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი შეძლებდა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას...

რუსული მედიის ცნობით, ნიშანდობლივია, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების ჰელსინკში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. არადა, ამ შეხვედრაზე საუბარი იყო სწორედ რუსეთის მხრიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე.

“არ არის განორიცხული, რომ ეს ხმაურიანი დაკავება 16 ივლისს, ორ პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე აისახოს" - წერს რუსული მედია.

მარია ბუტინას ადვოკატი ახალგაზრდა ქალის ჯაშუშობას უარყოფს. რუსეთის ფედერაციიდან ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე